გორის უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრებმა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში 2 დღიანი ექსკურსია მოაწყეს. უამინდობის გამო ჯგუფი გორში ნაადრევად 30 ივლისს ღამით დაბრუნდა. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა რამდენიმე მათგანთან ინტერვიუ ადგილზე ჩაწერა. სტუდენტების თქმით, ექსკურსია ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” ადგილობრივი გამგეობის დაფინანსებით მოაწყო. რამდენიმე მათგანს თეთრი მაისური ეცვა, რომელსაც ზედ ნაციონალური მოძრაობის ლოგო და ციფრი ,,5“ ამშვენებს.
გორის უნივერსიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი გიორგი კოჩლავაშვილი ამბობს, რომ მაისურები მას არ დაურიგებია. ,,ექსკურსიაზე ძირითადად თვითმმართველობის წევრები წავედით. ავტობუსში დარჩა რამდენიმე ადგილი (დაახლოებით 10) და ეს ადგილები ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა შავდათუაშვილის მეგობრებს დავუთმეთ. რაც შეეხება მაისურებს, მე ნამდვილად არ მიმიქცევია ყურადღება, ვის რა მაისური ეცვა. მე ვერ დავუშლი სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს ამ მაისურების ჩაცმას.” – ამბობს კოჩლავაშვილი. მისი თქმით, ექსკურსიის შესახებ მათ საქართველოს ახალგაზრდობის და გარემოს დაცვის სამინისტორის წარმომადგენლებმა ,,ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი შტაბის მეშვეობით აცნობეს.
,,ნაციონალური მოძრაობის” გორის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა სოსო პაპიტაშვილმა აღნიშნულ ექსკურსიაზე მმართველის პარტიის როლი გამორიცხა. თუმცა არ უარყოფს, რომ გორის უნივერსიტეტის თვითმმართველობას ამ პროექტის შესახებ მან აცნობა. რაც შეეხება პროექტს, სოსო პაპიტაშვილის თქმით, მის დაფინანსებაში პარტია და ადგილობრივი გამგეობა მონაწილეობას არ იღებს.
,,ეს არის პროექტი, რომელიც დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციას და ე.წ. ,,summer camping”-ის განვითარებას უწყობს ხელს. კერძოდ, კარვების გაშლას, სად შეიძლება ცეცხლის ანთება და სად არა და ა.შ. ამ პროექტს საქართველოს ახალგზრდობის და გარემოს დაცვის სამინისტრო აფინანსებს. რაც შეეხება მაისურებსს, შესაძლოა, ის რომელიმე ჩვენმა კოორდინატორმა თავის სოფელში დაარიგა და ამ მაისურით წავიდნენ სტუდენტები ექსკურსიაზე. ჩვენ ვერ ვაიძულებთ მათ, რომ ეს მაისურები არ ჩაიცვან” – ამბობს სოსო პაპიტაშვილი.