საგანგებო ბრიფინგი დასეტყვილ ვენახში გაიმართა(VIDEO)

საგანგებო ბრიფინგი დასეტყვილ ვენახში გაიმართა(VIDEO)

თელავის რაიონის სოფელ ნასამხრალში იოსებ ბეჟუაშვილის ვენახში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მაია ფანჯიკიძემ მედიის წარმომადგენლებს იმ ორდღიანი მუშაობის შედეგები გააცნო, რაც კოალიციის მონიტორინგის ჯგუფებმა გასწიეს. ფანჯიკიძის განცხადებით, კახეთში, არც ერთ დაზარალებულ ოჯახს, სადაც "ქართული ოცნება" იმყოფებოდა, სტიქიის შედეგად, 10 ათას ლარზე ნაკლები ზარალი არ მიუღია. მისივე თქმით, კოალიცია მოსახლეობას დახმარების იმედს აძლევს, იქიდან გამომდინარე, რომ ბიუჯეტში ბიძინა ივანიშვილმა 80 მილიონი ლარი ჩარიცხა. "ბიძინა ივანიშვილი არ აპირებდა არანაირი ჯარიმის გადახდას, მაგრამ ამ უბედურებამ მას ეს ერთადერთი კანონიერი გზა აჩვენა, რათა ხალხს დაეხმაროს. ჩვენ ხალხს ინფორმაციას ვაძლევთ, რომ შესაძლებელია მათი სრული კომპენსირება", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

საგანგებო ბრიფინგს ”ქართული ოცნების“ კახეთის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც ესწრებოდნენ. თინათინ ხიდაშელის თქმით, ხელისუფლება სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს სათანადო ყურადღებას არ აქცევს და მათ დაყოფას ახდენს. „ჩვენ გავიგეთ, რომ თუ სახლი გაქვს კრამიტით გადახურული, ხელისუფლება არ ინტერესდება. თუ კედელი გაქვს გაბზარული და ყოველ წუთს ელოდები ჩამოშლას, ეს ხელისუფლებას არ აინტერესებს იმიტომ, რომ მთავარია სახურავი გადაიხუროს და რაზეც სახურავი იხურება ის საყრდენი მყარია თუ არა, ეს არ აინტერესებთ“, – აღნიშნა ხიდაშელმა.