ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის მამა ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში ერთი წლის წინ მომხდარ ტრაგედიას იხსენებს.
მისი თქმით, დათუნას მკვლელები ხელისუფლებამ შეიფარა და მისი შვილის სახელი გათელა.
"ერთი წელი გავიდა იმ დაწყევლილი დღიდან მამი, როცა ბოლოჯერ ვილაპარაკეთ. მას მერე შენი ხმა აღარ გამიგონია, მას მერე ყოველდღე გეძებ შენს ოთახში, ყოველ დღე გეძებ მაგრამ მხოლოდ შენს ფოტოებს და ნივთებს ვაწყდები ყველგან, მას შემდეგ... შენთან ერთად დაიმარხა და დასამარდა ყველაფერი რაც მახარებდა. იმ დაწყევლილ დღეს ჩაქრა შენი სიცოცხლე და თან წაიღე ჩვენიც.
ერთი წელი გავიდა მამი და შენი მკვლელები საქართველოს ხელისუფლებამ შეიფარა, ხელისუფლებამ დღეს შენი სახელის გადათელვა გადაწყვიტა, მაგრამ დაავიწყდათ რომ მე შენთან ვარ და შენი სახელისთვის მზად ვარ ჩემი თავი შენ გაჩუქო. შენთან ერთად გაქრა 2017 წლის 1 დეკემბერს ის საქართველო, რომელმაც შენ გაგწირა.
პირობას გაძლევ მამი, არ შევარჩენ არავის შენი სახელის შელახვას, ან ჩემი თვალით ვნახავ ყველას განადგურებას ან შენთან მოვალ ძალიან მალე. უშენოდ სიცოცხლეს აზრი ვერ მოვუძებნე მამი ამ დაწყევლილ ქვეყანაში. მიყვარხარ და მენატრები მამი. უფალმა დაგიმკვიდროს სასუფეველი და მე მალე მანახოს გზა რომელიც შენამდე მოდის“, - წერს ზაზა სარალიძე.
შეგახსენებთ, მოზარდებს შორის დაპირისპირება, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოხდა, ორი მოზარდის დაღუპვით დასრულდა. თანატოლების ხელით დაჭრილი ლევან დადუნაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დავით სარალიძე მეორე დღეს - 12 ჭრილობით, საავადმყოფოში დაიღუპა. დავით სარალიძის მკვლელები ამ დრომდე დასჯილები არ არიან. როგორც ზაზა სარალიძე აცხადებს, მკვლელებს გავლენიანი მფარველები ჰყავს და ხელისუფლება მათ ხელს აფარებს.
სიმართლის დადგენის მოთხოვნით, შვილმოკლული მამები თითქმის სამი თვეა, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მართავენ.