"ახლა მოგიყვებით ხმა გაყიდულებზე კი არა, სულგაყიდულებზე" - შემზარავი ისტორია ჟურნალისტისგან

საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან გამოთქმულ შეფასებებს, რომლის თანახმადაც, პრეზიდნეტის არჩევნებში ამომრჩევლებმა ხახვისა და კარტოფილის სანაცვლოდ მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირეს, ჟურნალისტი თამუნა ლეფსვერიძე ეხმაურება:

“კარტოფილი და ხახვიო… ერთი კვირაა ვისმენ ამ ღლიცინს და ვუყურებ მოღლიცინეებს, რომელთაგან ბევრის ცხოვრება ვიცი კარგად  როგორ გაყიდულან, ვისზე გაყიდულან… ხმა კი არა სული რომ მიუყიდიათ…

ახლა მოგიყვებით ისტორიას ხმა-გაყიდულებზე კი არა სულ – გაყიდულებზე:

მოკლედ 2012 წლის სექტემბერია და ოზურგეთში ვარ, “გურია ნიუსის” ბიუროში. მოგვივიდა ინფორმაცია ოზურგეთის ერთ-ერთი სოფლიდან, რომ პატარა, 10 წლის გოგონას აქვს საკმაოდ მძიმე ფორმებში თავის სიმსივნე და მას სასწრაფოდ სჭირდებოდა ოპერაცია, რომელიც 10 000 ლარი ღირდა (საყოველთაო ჯანდაცვა და სახელმწიფო ფონდი არსებობდა არა, იხვის ტოლმა).

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი (კენჭს რამაზ ნიკოლეიშვილი იყრიდა), მივიდა ამ ბავშვის ოჯახში და უთხრა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდიდნენ ოპერაციის ფულს. თუ მთელი სოფელი ხმას “ნაციონალურ მოძრაობას” მისცემდა.

სოფელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბავშვი გადაერჩინათ…

გვქონდა ჩანაწერები ბავშვის მშობლების, მეზობლების… მაგრამ ჩვენც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბავშვის სიცოცხლე გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ამ ინფორმაციის გასაჯაროვება.

სანამ სოფლიდან ხმები არ წამოიღეს, ბავშვს ოპერაცია არ გაუკეთეს!” - წერს ჟურნალისტი.