"დღემდე დამარცხებულმა მხარემ არ სცნო გამარჯვება ზურაბიშვილისა“ - ილია მეორე

„არჩევნების პერიოდი ცოტა რთულია ჩვენთან, რადგან ემოციური ხალხი ვართ", - ამის შესახებ განცხადება კათოლიკოს-პატრიარქმა, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ როს უილსონთან შეხვედრისად გააკეთა. ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი როს უილსონი მიიღო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ ურთიერთობას და ასევე განხილულ იქნა სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი.

საპატრიაქროს ინფორმაციით, პატრიარქმა ისაუბრა ჩვენი ქვეყნის მდგომარეობის შესახებ, ხაზი გაუსვა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების აუცილებლობას და აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გაწეული თანადგომისთვის მადლიერება გამოხატა.

„არჩევნების პერიოდი ცოტა რთულია ჩვენთან, რადგან ემოციური ხალხი ვართ. დღემდე დამარცხებულმა მხარემ არ სცნო გამარჯვება სალომე ზურაბიშვილისა", - ბრძანა მისმა უწმინდესობამ.

„ჩემი პირადი შეხედულება გახლავთ, რომ საქართველომ უნდა გადალახოს ეს. დემოკრატია თავის თავში გულისხმობს როგორც გამარჯვებას, ასევე დამარცხებასაც და მე ვფიქრობ, რომ ბრძენმა ლიდერებმა, რომლებიც ზრუნავენ თავის ქვეყანაზე და ასევე ზრუნავენ თავისი პარტიის გრძელვადიან წარმატებაზე, უნდა აღიარონ ეს", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.