"სააკაშვილის მოწოდება პოლიციისა და ჯარის მიმართ სს დანაშაულია" - ვახტანგ მაისაია

"სააკაშვილის განცხადებამ მეც კი შოკში ჩამაგდო, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პოლიტიკური მტერია, ამას არ მოველოდი, თურმე რევანშის მოხდენას აპირებდა საქართველოში" - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია, "რეზონანსთან" საუბრისას.

ვახტანგ მაისაია: არჩევნები რომ მასობრივად გაყალბდა, ამის თვითონ ოპოზიციას არ სჯერა, ამგვარ აგრიესიულ განცხადებებს ისინი ყოველი არჩევნების შემდეგ აკეთებენ. კანდიდატებს შორის განსხვავება 3-4%-ი რომ ყოფილიყო, მაშინ კიდევ შეიძლებოდა გაყალბებაზე საუბარი, მაგრამ 20%-იანი სხვაობით გაყალბება რამდენად არის შესაძლებელი, არ ვიცი. თვითონ როგორ გაიყვანეს 4%-იანი სხვაობით მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, თანაც პირველივე ტურში? ამიტომ, ვფიქრობ, ისინი უნდა შეეგუონ დამარცხებას.

რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციების და დამკვირვებლების შეფასებებს, ვფიქრობ, რომ მათი დასკვნებიც იქნება საკმაოდ პოზიტიური, რადგან დაინახეს, რომ ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი. თანაც არჩევნები ჩატარდა მშვიდ გარემოში, საჩივრების რაოდენობაც არ არის დიდი, სულ 303 საჩივარია შესული. სხვა არჩევნების დროს 500-ზე მეტი საჩივარი რომ იყო შესული, მაშინაც ითვლებოდა, რომ არჩევნები ობიექტურად ჩატარდა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ არჩევნების შედეგებსაც აღიარებენ. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ასე ჩანს.

"რეზონანსი": სამოქალქაო დაუმორჩილებლობაზე გადასვლის მოწოდებით უკვე გამოვიდა მიხეილ სააკაშვილი.

ვ.მ: სააკაშვილმა მოახდინა თვითლუსტრაცია, რას აპირებდა საქართველოში. მან არა მხოლოდ ხალხს, არამედ საქართველოს პოლიციას და ჯარს მოუწოდა დაუმორჩილებლობისკენ, ეს კი სამხედრო გადატრიალებას ნიშნავს და სისხლის სამართლის დანაშაულია. ამიტომ შესაბამისმა ორგანოებმა, სულ მცირე, მოკვლევა მაინც უნდა დაიწყონ და რეაგირებაც მოახდინონ. ეს არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური კუთხითაც აუცილებელია. მეც კი შოკში ჩამაგდო მისმა განცხადებამ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პოლიტიკურ მტერია, არ ველოდი, თურმე რევანშის მოხდენს აპირებდა.

"რ": გაიზიარებს მის ამ პათოსს გაერთიანებული ოპოზიცია?

ვ.მ: გაერთიანებულმა ოპზიციამ 12 საათიანი ტაიმ-აუტი ითხოვა. ეს ნიშნავს, რომ ამ 12 საათის განმავლობაში ექნებათ შესაძლებლობა ჩამოყალიბდნენ, თუმცა მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებები იმაზე მიანიშნებს, რომ გუნდში არის განხეთქილება, რომლიც სააკაშვილმა შეიტანა. მე მგონი მიიღებენ გადაწყვტილებას, რომ ჩამოცილდნენ. ასე რომ, ამ არჩევნებმა სააკაშვილის ბედიც გადაწყვიტა. იმედი მინდა ვიქონიო, რომ გაერთიანებული ოპოზიცია გამოიჩენს სიბრძნეს და არ აჰყვება ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების ტალღაზე მათ ფორმალურ თუ არა ფორმალურ ლიდერს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც არის მათი იდეოლოგიც და დამფინანსებელიც, და თავის წვლილს შეიტანს საქართველოს სტაბილიზაციის საქმეში.