"ზურაბიშვილი თამამი ადამიანია, მისგან გარკვეულ სიურპრიზებს უნდა ველოდოთ" - ხუხაშვილი

სალომე ზურაბიშვილისგან გარკვეულ სიურპრიზებს უნდა ველოდოთ. გარკვეულწილად, ჩვენთვის ეს იქნება ტრაგიკომიკური გასართობი კინკლაობა,- ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა.

გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი ვერ იქნება იგივე ტიპის დაპირისპირებაში ჩართული მმართველ გუნდთან, როგორც გიორგი მარგველაშვილი, თუმცა გარკვეული კინკლაობა მათ შორის მაინც იქნება.

„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ის საკმაოდ თამამი ადამიანია, მე როგორც ვიცნობ და მისგან გარკვეულ სიურპრიზებს უნდა ველოდოთ, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ არის სახელისუფლებო ცენტრების ნაწილი, მას ბევრი არც არაფრის გაკეთება ან გაფუჭება არ შეუძლია, გარკვეულწილად, ეს იქნება ტრაგიკომიკური გასართობი კინკლაობა ჩვენთვის. ეს არ იქნება იგივე ტიპის კინკლაობა, რაც იყო მარგველაშვილის შემთხვევაში. სალომე ზურაბიშვილისგან უფრო მეტ აგრესიას უნდა ველოდეთ. სისტემურად ბევრს ვერაფერს დააზიანებს, მაგრამ გასართობი გვექნება",- განაცხადა ხუხაშვილმა.