"თავს ვგრძნობ გამარჯვებულად, არსად ვაპირებ წასვლას", - ამის შესახებ „რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „კვირის აქცენტებში" ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
გვარამიას თქმით, უნდა მიეჩვიოთ, რომ არჩევნებში არსებობს გამარჯვებული და დამარცხებული.
„ვენდობი Edison Research-ს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ დავიქირავებდი მას, მით უმეტეს ასეთ მნიშვნელოვან მომენტში. კალაძის გამარჯვებაც ჩვენ გამოვაცხადეთ შარშან და გახსოვთ აგრესია ჩემზეც, „რუსთავი 2"-ზეც. ეს ასეა ხალხო, უნდა მიეჩვიოთ, არჩევნებში არსებობს გამარჯვებული და დამარცხებული, მაგრამ არჩევნებზე ვლაპარაკობ და არა იმაზე, რასაც ჩვენ ვუყურებდით. ჩვენ არჩევნები მოგვტაცეს. არჩევნები ამ ქვეყანაში არ ტარდება. რომ არ დაგიმალოთ, მე ვგრძნობ თავს გამარჯვებულად, ამიტომ არსად წასვლას არ ვაპირებ. გაცილებით დიდი რეზულტატი მივიღეთ საბოლოოდ, ამ ქვეყნის პატრიოტებმა, ვიდრე გრიგოლ ვაშაძის პრეზიდენტობით მივიღებდით. მივიღეთ 900 000 მომხრე და იქით მივიღეთ 1 100 000 მოსყიდული მომხრე. ეს წარმოუდგენელი შედეგია. ამდენი უანგარო მხარდამჭერი „ნაციონალურ მოძრაობას" არ ჰყავდა მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყო",- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, წინასაარჩევნოდ "რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდებოდა, საქართველოში არ გაჩერდებოდა.