"დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წლამდე „ქართული ოცნების“ პარლამენტი ვერ მიაღწევს, მან ლეგიტიმაცია დღეს დაკარგა" - მურმან დუმბაძე

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მურმან დუმბაძე არჩევნებს აფასებს და ამბობს, რომ 90-იანი წლებიდან ამ პროცესშია ჩართული და ასეთი რამ არ უნახავს.

ის მადლობას უხდის ყველა იმ ამომრჩეველს, რომელმაც მხარი გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა.

„900 ათასი ხმა ოპოზიციას არასოდეს მიუღია, მადლობა მინდა გადავუხადო, იმ რიგით ადამიანებს, რომელიც არც არაფერს ელოდება. სალომე ზურაბიშვილს შეიტანენ თუ არა პრეზიდენტის სასახლეში, თუ გრიგოლ ვაშაძე გახდებოდა პრეზიდენტი მისთვის არაფერი იცვლებოდა, მაგრამ იცვლებოდა ქვეყანა, უკეთესი პერსპექტივებით, უკეთესი რწმენით“-ამბობს მურმან დუმბაძე.

მურმან დუმბაძის თქმით, ივანიშვილს ძალიან გაუჭირდება ხელისუფლების მართვა, რადგან ის დღეიდან დავალებულია ყველა იმ კრიმინალური მენტალობის ადამიანთან, რომელებიც დღეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ საარჩევნო უბნებთან იყვნენ მობილიზებულები.

„არჩევნებში ჩართული ვარ 90-აინ წლებიდან მოყოლებული ასეთი გამაოგნებელი რამ არ მინახავს, მე მინახავს მიხეილ სააკაშვილის დროს ჩატარებული არჩევნები, ასლან აბაშიძის დროს ჩატარებული არჩევნები, იყო დარბევები, იყო ცემა - ტყეპაც, მაგრამ ამდენი კრიმინალი, რომელიც გარე პერიმეტრს აკონტროლებს არ მინახავს. პრაქტიკულად ყველა უბანთან ამ მენტალობის ადამიანი იდგა, იგინებოდნენ, იფურთხებოდნენ, ძველბიჭები.

ვეკითხები ივანიშვილს, როგორ აპირებს ხელისუფლებას, როცა ამ ადამიანებთან ასეა დავალებული? ამ ადამიანებთან ხომ რაღაც ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, ეს ადამიანები ხვალ მოსთხოვენ პასუხს“-ამბობს მურმან დუმბაძე.

მურმან დუმბაძის თქმით, მმართველმა პარტიამ რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეები ჩამოიყვანა და მათ ფულის სანაცვლოდ ხმა მიაცემინა.

„საარჩევნო ყუთებთან ადამიანები მოიყვანეს, რომლებსაც წარმოდგენა არ ჰქონდათ, არასოდეს საარჩევნო უბანზე არ არიან მისული.

კრასნოდარიდან ჩამოიყვანეს ჯგუფი, რომლებიც ბოლო 15 წელია აქ არ ცხოვრობს, იმიტომ რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. მიაცემინეს ხმა, აღჭურვეს ფულით და გაუშვეს უკან“-ამბობს მურმან დუმბაძე.

მისი თქმით, აჭარაში ხმის დათვლის პროცესი დასრულებული არ არის. დუმბაძე ამბობს, რომ გრიგოლ ვაშაძემ აჭარაში ბევრი უბანი დამაჯერებლად მოიგო.

დუმბაძე ამბობს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია სამოქმედო გეგმის შესახებ ერთობლივ განცხადებას საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ გააკეთებს. დუმბაძე ამბობს, რომ არჩევნები ლეგიტიმური არ არის, თუმცა ოპოზიცია აპირებს კონსტიტუციის ჩარჩოებში იმოქმედოს.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 2020 წლამდე „ქართული ოცნების“ პარლამენტი ვერ მიაღწევს, იმიტომ რომ მან სწორედ დღეს დაკარგა ლეგიტიმაცია. სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციის დღეს თუ იქნება ამაშიც ეჭვი მეპარება, ბიძინა ივანიშვილი გამოვა და იტყვის ალბათ რამე სიტყვას“-ამბობს დუმბაძე.