ხვალიდან გავდივართ ქუჩებში და ვიწყებთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის პროცესს, – ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მხარდამჭერებთან ერთად, პირველ რიგში, მოქმედებას იწყებენ საარჩევნო უბნებზე, შემდეგ კი ქუჩაში.
„ხვალინდელი დღიდან ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის, მიუხედავად იმისა, რა შედეგები დადგება და იმედია, შედეგი მაინც იქნება. ჩვენ გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობის მოძრაობაზე. მოვუწოდებ საქართველოს პოლიციას, დადგეს ხალხის მხარეს, მოვუწოდებ შეიარაღებულ ძალებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები, მოვუწოდებ სახელმწიფო აპარატის ჯანსაღ ნაწილს, გაემიჯნოს კრიმინალურ მაფიოზურ ბანდას, რომელიც საქართველოს დაეპატრონა. ხვალინდელი დღიდან ვიწყებთ მასობრივ ქმედებებს საქართველოს მთელი მასშტაბით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილის რევანშისტულ მოწოდებას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“დარწმნუნებული ვარ ამ ადამიანის მოწოდებებს ნულოვანი მნიშვნელობა აქვს ახლა და ვერაფერს შეძლებს, მაგრამ ამის მიუხედავად პრინციპულად მნიშვნლოევანი მგონია ვაშაძის გარშემო შემოკრებილი ლიდერების განცხადებები. მოვისმინოთ რას ფიქრობენ მის ამ განცხადებებზე”, – წერს ხიდაშელი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.