ზაზა სარალიძე: ადამიანს, რომელმაც მე მიღალატა და ჩემს შვილს უღალატა, იმას მხარს ვერ დავუჭერ

ზაზა სარალიძე: ადამიანს, რომელმაც მე მიღალატა და ჩემს შვილს უღალატა, იმას მხარს ვერ დავუჭერ

ხორავას ქუჩაზე  მოკლული დათუნა სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ  დიდ დიღომში #38-ე საარჩევნო უბანზე, დედასთან ერთად თავისი არჩევანი დააფიქსირა.

სარალიძემ მოუწოდა მოქალაქეებს გონივრული გადაწყვეტილება მიიღონ. მისივე თქმით, ის არასდროს დაუჭერს მხარს იმ კანდიდატს, რომელიც დაპირდა მას შვილის  მკვლელის დასჯას და უღალატა.

"პირველი შემთხვევაა, როდესაც არჩევანს ვაკეთებ. მანამდეც დავდიოდი არჩევნებზე, ოღონდ ბიულეტენს ვაუქმებდი. ამ შემთხვევაში, ადამიანს, რომელმაც მე მიღალატა და ჩემს შვილს უღალატა, იმას ვერ დავუჭერდი მხარს. არასდროს არ მივცემდი ჩემს თავს უფლებას, რომ მისი თხოვნა გამეთვალისწინებინა, რომელმაც ჩემი თხოვნა არ გაითვალისწინა და კომისია დატოვა, სადაც მისი სიტყვა შეიძლება გადამწყვეტი ყოფილიყო", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დღეს საქართველო რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს.

მოსახლეობას არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს შორის მეორე ტურში უწევს. ერთმანეთს უპირისპირდებიან მმართველი ძალის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და "გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

პირველი ტურისგან განსხვავებით, მეორე ტურში 50%-იანი ბარიერი აღარ არსებობს და ერთი ხმაც გადამწყვეტია.

გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც უფრო მეტ ხმას მიიღებს.