"არავითარი ჰიბრიდული დემოკრატია, ქვეყანაში ტოტალიტარული რეჟიმია, ყველანი არჩევნებზე"

ტელეკომპანია  "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს და აცხადებს, რომ აზრს კარგავს თუ როგორ დასრულდება არჩევნები, რადგან ქვეყანაში ტოტალიტარული რეჟიმია.

გვარამია ასევე აღნიშნავს, რომ "რუსთავი 2"-მა სრულად "გააშიშვლა სისტემა" და დღეს მინიმალური დემოკრატიულობა დასრულდა.

აღნიშნულის შესახებ  ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში წერს:

"როგორ დამთავრდება ეს არჩევნები, უკვე აზრს კარგავს. ამ არჩევნების და შესაბამისად, ქვეყნის მინიმალური დემოკრატიულობა დღეს დასრულდა, სულ რომ ორჯერ მოიგოს ვაშაძემ. 

"რუსთავი 2"-მა სრულად გააშიშვლა სისტემა. არავითარი ჰიბრიდული დემოკრატია.  ქვეყანაში ტოტალიტარული რეჟიმია. ყველანი არჩევნებზე!", – წერს გვარამია.

დღეს საქართველო რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს. მოსახლეობას არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს შორის მეორე ტურში უწევს. ერთმანეთს უპირისპირდებიან მმართველი ძალის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და "გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე. პირველი ტურისგან განსხვავებით, მეორე ტურში 50%-იანი ბარიერი აღარ არსებობს და ერთი ხმაც გადამწყვეტია. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც უფრო მეტ ხმას მიიღებს.