ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ დათა ვანიშვილს რუსმა სამხედროებმა არჩევნებში ხმის მისაცემად საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა აუკრძალეს.
როგორც 85 წლის დათა ვანიშვილმა განაცხადა, მას სურდა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანი დაეფიქსირებინა, თუმცა მასთან ორი ნიღბიანი პირი მივიდა და გააფრთხილეს, რომ მავთულხლართების გადაკვეთის შეთხვევაში, დაიჭერდნენ და დააჯარიმებდნენ.
"დილით მინდოდა გადმოსვლა. ხელიც გავიჭერი მავთულებზე. ახლა რა ვქნა, როგორ გადმოვიდე. ნიღბებით იყვნენ ორნი და გამაფრთხილეს, ჯარიმას გადაგახდევინებთო. სამხედროებმა გამაფრთხილეს, რომ არ გადმოვსულიყავი. აბა ჯარიმა როგორ გადავიხადო. დადიან და რომ გადმოვიდე, გაიგებენ“, - განაცხადა დათა ვანიშვილმა.
ცნობისთვის, დათა ვანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში საკუთარი არჩევანის დაფიქსირება შეძლო.
დღეს საქართველო რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს. მოსახლეობას არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს შორის მეორე ტურში უწევს. ერთმანეთს უპირისპირდებიან მმართველი ძალის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და "გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.