პრიმა ბალერინა ირმა ნიორაძის თქმით, დღევანდელი არჩევნები არ არის მხოლოდ პრეზიდენტის არჩევნები, არამედ ეს ნიშნავს მოძალადე რეჟიმის პოლიტიკური არენიდან გაძევებას. როგორც ირმა ნიორაძემ აღნიშნა, უღირსობად მიაჩნია იმის დავიწყება, როგორ აწამებდა „ნაციონალური მოძრაობა“ ციხეებში პატიმრებს.
„როგორც ხელოვან ადამიანს, არ მჩვევია რადიკალური განცხადებების კეთება, მაგრამ დღეს ჩემს თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ვიდგე ჩემი ერის გვერდით, სხვანაირად არც ძალმიძს.
მე, როგორც რიგით მოქალაქე ირმა ნიორაძეს, უღირსობად მიმაჩნია, დავივიწყო, რა ხდებოდა ციხეებში, როგორ აუპატიურებდნენ ახალგაზრდა მამაკაცებს, როგორ დახოცეს 160 ადამიანი. უღირსობად მიმაჩნია, დავივიწყო ირინა ენუქიძის აცრემლებული, აბღავლებული სახე, ქუჩა-ქუჩა რომ დადიოდა და ხალხს სთხოვდა, გამოდით, თორემ ესენი თქვენს შვილებსაც დახოცავენო. როგორ დავივიწყო, როგორ ფიქრობთ, რა სინდისით ვიცხოვრო, რა ნამუსით ვიცეკვო, ამას ვერასდროს დავივიწყებ და ერთადერთ ხმას ვერ მივცემ იმ კანდიდატს, რომელიც ამ მკვლელების შეწყალებას და გარეთ გამოშვებას აპირებს“, – განაცხადა ირმა ნიორაძემ "იმედის" ეთერში.