"რუსთავი2" მოტყუებით შეიჭრა სტამბაში – შორენა შავერდაშვილი

შორენა შავერდაშვილი არის ერთ-ერთი იმ სტამბის წარმომადგენელი, რომელიც საარჩევნოდ ბიულეტინებს ბეჭდავს. ის ამბობს, რომ “რუსთავი2”-მა ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, როდესაც ერთ-ერთ საბეჭდ დაწესებულებაში შევიდა მოტყუებით და მაყურებელს ამცნო, თითქოს იქ გაყალბების პროცესი მიმდინარეობდა.

“ჩვენი სტამბაც არის მათ შორის, ვინც საარჩევნო ბიულეტენებს ბეჭდავს. კვირას “ცესკო”-დან დაგვირეკეს და გაგვაფრთხილეს, რომ საწარმოო კარი კარგად ჩაგვერაზა, რადგან ერთ-ერთ სტამბაში მოხდა ინციდენტი.

იმ დღეს არ მეცალა, რომ საინფორმაციო გამოშვებებისთვის მედევნებინა თვალყური და მეორე დღეს ვნახე რა მოხდა. მითხრეს, რომ ერთ-ერთ სტამბაში შევარდნილა “რუსთავი2”. ჯერ ერთი ძალიან შემეცოდნენ ჩვენი კოლეგები, რადგან ყველა არ არის გამოწრთობილი მედიასთან ურთიერთობაში, რომ მოიგერიოს და არ აქვს ალესილი არგუმენტები, რათა ამ ყველაფერს უპასუხოს.

დავინახე ძალიან დაბნეული სტამბის თანამშრომლები. ძალიან აგრესიულად შევარდა ვიღაც დამკვირვებელი “რუსთავი2″-ის კამერით, ცოტა მოტყუებით, იმიტომ რომ კამერა არ ეჭირათ ისე, რომ ეთქვათ, ვართ ჟურნალისტები. ეს თავისთავად კანონდარღვევაა, პრაქტიკულად შეიჭრნენ ტერიტორიაზე. ეს ხომ არ იყო საჯარო ადგილი, ეს იყო კერძო ტერიტორია, მით უმეტეს ბიულეტინების ბეჭდვის დროს", – განაცხადა შავერდაშვილმა "იმედის" ეთერში.