ცხინვალის მოსახლეობა მათ სახლებზე გაკრულმა აბრებმა აღაშფოთა

ცხინვალის მოსახლეობა მათ სახლებზე გაკრულმა აბრებმა აღაშფოთა

სამშაბათს ცხინვალის მოსახლეობა უცნაური ფაქტის მომსწრე გახდა - რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ ქალაქის სხვადასხვა რაიონში, საკუთარი სახლის კედლებზე მიმაგრებული აბრები აღმოაჩინა, რომლებზეც ეწერა: „ობიექტი აღდგენილია რუსეთის ფედერაციის ფინანსური დახმარებით“.

ამის შესახებ მათ სოციალურ ქსელებშიც დაწერეს, რომ 2008 წლის ომის შემდეგ ეს სახლები საკუთარი სახსრებით აღადგინეს და გაარემონტეს და არა - რუსეთის ფედერაციის მიერ გამოყოფილი ფინანსებით. რამდენიმე მოქალაქემ ამ აბრების ჩამოგლეჯაც სცადა.

აღშფოფებული მოსახლეობა ეჭვს გამოთქვამს, რომ ხელისუფლების ეს ქმედება უკავშირდება რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სამხერთ კავკასიის საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულ მოკვლევას, რომელიც კორუფციულ გარიგებებს უკავშირდება, კერძოდ იმას, თუ სად დაიხარჯა მოსკოვიდან მარიონეტული ხელისუფლებისათვის ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის გამოყოფილი თანხები.

ცნობისათვის, ამ საკითხებზე თათბირი 15 ნოემბერს მოსკოვში უკვე გაიმართა.

მოსახლეობის აღშფოთება იმდენად დიდი იყო, რომ სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებს ოფიციალური განმარტების გაკეთება მოუწიათ. მათი თქმით, აღნიშნულ აბრებზე მოცემული განცხადება ეხება არა კონკრეტული კერძო სახლების, არამედ კონკრეტული ქუჩების რეაბილიტაციას, ამ აბრებს კი სახლებიდან ჩამოხსნიან და ქუჩის ელექტროგანათების ბოძებზე განათავსებენ.