„ოპოზიციური პარტიები აკეთებენ განცხადებებს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათი ამომრჩეველი ან ერთ კანდიდატს დაუჭერს მხარს ან მეორეს. ასე ცალსახად ამის განსაზღვრა რთულია. ეს არ არის პროცესი, ეს არის ამა თუ იმ პიროვნების ინდივიდუალური გადაწყვეტილება," - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.
ოპოზიციური პარტიების ნაწილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მხარდაჭერას „ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს უცხადებს, ნაწილი კი - „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს. თუმცა არსებობს საკმაოდ ფართო ფენა, რომელიც არცერთი მათგანს მხარდაჭერას არ აპირებს.
ოპოზიის ლიდერების პოზიცია ნათელია, თუმცა მათი ამომრჩეველი ვის დაუჭერს მხარს - გრიგოლ ვაშაძეს თუ სალომე ზურაბიშვილს? ამაზე პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს ვესაუბრეთ.
„ევროპული საქართველოს" (10.97% პირველ ტურში) ამომრჩეველის ძირითადი ნაწილი ალბათ მაინც ვაშაძეს დაუჭერს მხარს, მაგრამ მეორე ნაწილი შესაძლოა სულ არ მივიდეს არჩევნებზე. იმით განსაზღვრა პარტიის ლიდერი რას ლაპარაკობს, ზუსტად შეაფასო პარტიის რიგითი მხარდამჭერი რას გააკეთებს, ცოტა რთულია," აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
ცნობისათვის, „ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პარტია გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს.
ამასთან, მისი თქმით, „შენების მოძრაობის" (2.26%) ამომრჩეველთა ძირითადი ნაწილი სავარაუდოდ არჩევნებზე არ წავა.
„შენების მოძრაობისა" ხმები ალბათ გაიყოფა, - ძირითადი ნაწილი არ წავა არჩევნებზე, ან მაინც სახელისუფლებო კანდიდატს დაუჭერს მხარს," - მიაჩნია ძაბირაძეს.
„შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ განაცხადა, რომ მეორე ტურში არცერთ საპრეზიდენტო კანდიდატს არ დაუჭერს მხარს, რადგან არცერთი კანდიდატი მისთვის მისაღები არ არის.
ძაბირაძე ფიქრობს, რომ მეორე ტურში არც „გირჩის" (2.26%) ამომრჩეველი იაქტიურებს.
გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ თავიდან თქვა, რომ მეორე ტურში ვაშაძეს მისცემს ხმას მიუხედავად იმისა, რომ ეს კანდიდატი მისთვის პრინციპულად მიუღებელია, თუმცა შემდეგ პოზიცია შეცვალა და განაცხადა, რომ ხმის მიცემას არცერთი კანდიდატისთვის არ აპირებს. თავის მომხრეებს კი მოუწოდა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღონ.
„რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსს, დიდი ნაწილი მხარს დაუჭერს სახელისუფლებო კანდიდატს," - მიაჩნია პოლიტოლოგს.
ამასთანავე კვლავ უცნობია, ვის შემოხაზვას მოუწოდებს მომხრეებს შალვა ნათელაშვილი, რომელიც პირველ ტურში 3.74%-ით მეოთხე ადგილზე გავიდა ზურაბიშვილის, ვაშაძისა და ბაქრაძის შემდეგ.