საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ქართული ოცნების" მიერ დაქირავებულ პიარ-სპეციალისტს, მოშე კლუგჰაფტს ანტისემიტურ კონტექსტში მოიხსენია და მას "ვიღაც ებრაელი აფერისტი" უწოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ქართველ ებრაელთა სათვისტომო განცხადებას ავრცელებს:
"სააკაშვილის სიტყვები შეურაცხყოფს არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებას, მოშე გლუკფჰაფტს, არამედ მთელ ებრაელ ხალხს და განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია საქართველოში მცხოვრები ებრაელებისთვის. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი სიძლვილის ენას იყენებს. კარგად გვახსოვს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის, შოთა შალელაშვილის მიმართ იმავე შინაარსის ანტისემიტური, დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი სიტყვები იქნა გამოყენებული. სააკაშვილის მხრიდან გაჟღერებულ, სიძულვილით გამსჭვალულ ანტისემიტურ განცხადებაზე შესაბამის რეაქციას ველით პოლიტიკური ძალების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან", - ნათქვამია განცხადებაში.
"ქართულმა ოცნებამ" ვიღაც ებრაელ აფერისტს, მოშეს მისცა მილიონ ორასი ათასზე მეტი, რომ ეს ბილბორდები დაამზადოს დაჭყანული სახეებით, რომლებიც თბილისში გამოფინეს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა.
ამასთან, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ამავე საკითხზე „ფეისბუქ პოსტი" გამოაქვეყნა.
„ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდა და ახლა ეს ჩამოიყვანა ივანიშვილმა საქართველოში სრული ბედნიერებისთვის, ჩვენი მოქალაქეების უბედურების ხარჯზე, ფულის გასაკეთებლად. აი, ამ ისრაელელი აფერისტის - „შავი პიარის სპეციალისტის", რომლის სახელია მოშე, იმედი აქვს ივანიშვილს",- წერს მიხეილ სააკაშვილი.