ექსპერტმა სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაიამ აგვისტოს ომში მონაწილე სამხედროების შესაძლო პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებულ საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების რიგით პოლიტტექნოლოგიურ მეთოდად გადაიქცა.
მისი თქმით, სამწუხაროდ, ეს გამოყენებულ იქნა როგორც პოლიტიკური ტექნოლოგია „ნაცმოძრაობის“ მიერ, რომ მეტი ქულები ჩაეწერა საკუთარი კანდიდატის გაყვანისთვის.
„ამ თემას შევეხები სამხედრო- გეოსტრატეგიული ასპექტებიდან გამომდინარე. რუსეთ- საქართველოს სამხედრო კონფლიქტის პერიოდში საქართველოს შეიარაღებული ძალების უშუალო მონაწილეობა საბრძოლო ოპერაციებში იყო არცთუ ისე მაღალი. იმიტომ, რომ რეალურად საბრძოლო მოქმედებების ფაზა დაიწყო 2008 წლის 7 აგვისტოდან, საღამოს 23:00 საათზე, როცა მაშინდელმა უმაღლესმა მთავარსარდალმა გასცა ბრძანება, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები იწყებენ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას და სამხედრო ფაზა დასრულდა 2008 წლის 9 აგვისტოს. შემდგომი შეტაკებები ეპიზოდური იყო, შეჯახება ხდებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალებსა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის.
ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა, რომელიც ყოფილ იუგოსლავიაზე იყო გამახვილებული, გაასამართლა სამხედრო მაღალი თანამდებობების პირები, 50 ადამიანი, ასევე მაღალი თანამდებობის პოლიტიკური პირები. რიგითი ჯარისკაცები, ოფიცრები გასამართლებულები არ იყვნენ. იქ იყვნენ გასამართლებული მხოლოდ ის პირები, რომლებმაც უშუალოდ გასცეს ბრძანება და რომლის შედეგადაც მოხდა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენა და სამხედრო დანაშაულებების ჩადენა“, - განაცხადა მაისაიამ.
მისივე თქმით, ჰააგის ტრიბუნალი დაეფუძნება იმ საპრეცედენტო მოდელს, რომელიც არის იუგოსლავიის საერთაშორისო ტრიბუნალი.
„არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ამ სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ მოექცევიან ის ოსი სეპარატისტები და მათი სამხედრო მესვეურები, რომლებმაც მოახდინეს კონფლიქტის პროვოცირება. სწორედ იკვეთება ოსი გასამხედროებული ფორმირებების დანაშაულებრივი ქმედებები, რომელიც ეხება კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულს, ანუ გენოციდს ფაქტები, როცა ხდებოდა ქართული სოფლების მიზანმიმართული გადაწვა, ეთნიკური ნიშნით ადამიანების დახვრეტა, მაროდიორობა.
სამხედრო კუთხიდან გამომდინარე საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არ მიუღიათ ისეთ ქმედებებში მონაწილეობა, რომ მათი დანაშაულებრივი მომენტები იყოს გავრცელებული კაცობრიობის წინაშე გამოხატულ დანაშაულებზე. ტალიავინის დასკვნაში არსებული მომენტები, შეიძლება, შეეხოთ, მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებს საქართველოს მხრიდან, რომლებმაც, შეიძლება, გასცეს ბრძანება კონსტიტუციური წესრიგის აღდგენასთან დაკავშირებით. ეს შეიძლება იყოს ისიც მაღალ თანამდებობაზე, თორემ ოფიცრებზე, ჯარისკაცებზე ეს ქმედებები არ ვრცელდება.
საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ განხორციელებულ ქმედებაში არ მიუღიათ მონაწილეობა, ასეთი ფაქტები არ არის დაფიქსირებული. საუბარია ოფიცრებსა და ჯარისკაცებზე. შეიძლება იყოს საუბარი იმ მომენტებზე, რომელიც ეხება კონფლიქტს დაწყების პირობების გარკვევას და მათში საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების სავარაუდო მონაწილეობის ფაქტს“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.