პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ხასო ხანგოშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებას პასუხობს, სადაც მაჩალიკაშვილი პანკისელებს საპრეზიდენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას "პრაიმ ტაიმი" ავრცელებს
ხანგოშვილი ამბობს, რომ ეს მოწოდება მისთვის მიუღებელია და პირადად ის, ისევე, როგორც ხეობაში მცხოვრები არაერთი ქისტი, მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს.
ხანგოშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში, სპეცოპერაციების დროს საერთო ჯამში ქისტი ეროვნების ცხრა ახალგაზრდა მოკლეს, მათ შორის ორი ცოცხლად დაიწვა.
„შევარდნაძის პერიოდში რვა ახალგაზრდა მოგვიკლეს, სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდები. სააკაშვილის მმართველობის დროს ცხრა ბიჭი მოგვიკლეს - შვიდი ლოპოტას ხეობაში და ორიც მანამდე ცოცხლად გამოწვეს სახლში. ერთ-ერთი ცეცხლწაკიდებული სახლის ფანჯრიდან გადმოხტა და ტყვია ჰაერში დაახალეს. ასე რომ, ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს და ჩვენთვის უცხო არ არის. როდესაც საკითხი დგას მთელი ხეობის, ჩვენი ეთნოსის კეთილდღეობაზე ცოტა სხვა ჭრილში გვამრთებს ვითარების შეფასება. ჩემს აზრზე პანკისის ხეობაში ძალიან ბევრი ადამიანია და მათ ვერავინ უკარნახებს, ვის უნდა მისცენ ხმა" - ამბობს ხასო ხანგოშვილი.
რაც შეეხება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, ხასო ხანგოშვილი იმედოვნებს, რომ ამ საქმეში არსებულ კითხვებს ხელისუფლება დროულად გასცემს პასუხს.