"დააკაჩავეს მიკროსაფინანსოები, "ქართუ" ვალების მხოლოდ 10%-ს გადაიხდის - ნიკა გვარამია

"რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში ე.წ. შავი სიების გაუქმებას ეხმაურება. მისი თქმით, „ფონდი ქართუს“ და ხელისუფლების ერთობლივი გამოჩენა ამომრჩეველთა მოსყიდვას ნიშნავს.

"რას ნიშნავს 2000 ლარამდე ვალების ჩამოწერა? - 1. ისედაც ამოუღებელი და ხელჩაქნეული ვალების განულებას. 2. არავითარ კავშირში არ იმყოფება დაყადაღებულ სახლებთან, იპოთეკურ სესხებთან, მცირე მეწარმეობასთან და ა.შ. 3. ძირითადად იმათთვის ვალის ჩამოწერა, ვინც დაუგეგმავად,  რესტორანში დაბადების დღე გადაიხადა, შეყვარებულს ძვირიანი საჩუქარი აჩუქა, აიფონი იყიდა ან ტოტალიზატორში ფული დადო და მერე ვერ გაისტუმრა ეს ვალი. ვერ გაისტუმრა და არც აპირებდა - არც სახლი ჰქონდა ამაში ჩადებული, არც მანქანა და არც სხვა რამ. ერთადერთი, რითიც შეიზღუდა - ახალი მიკროსესხი ვერ აიღო ახალი ტელეფონისთვის ან ახალი შეყვარებულისთვის. შესაბამისად, ამ ყველაფრის ეკონომიკური ეფექტი პრაქტიკულად ნულოვანია. გამოიწვევს მხოლოდ იგივე ხალხის მხრიდან ახალი ტელეფონის ყიდვას ან ტოტალიზატორიში ხელახლა ფულის წაგებას. ნუ, ახალ შეყვარებულსაც გაუმართლებს. 4. ყველაზე მსხვილმა მიკროსაფინანსომ, vivus-მა უარი თქვა ამ სქემაზე და მის მომხმარებლებს არ გაუმართლათ. 5. "ფონდი ქართუს“ მხრიდან მილიარდ ნახევრის ვალის ჩამოწერა არ ნიშნავს, რომ ის ამ ვალების შესყიდვაში მილიარდ ნახევარს იხდის. ჩვენთვის ცნობილია, რომ მიკროსაფინანსოების დაკაჩავების შედეგად, მათ გადაუხადეს ამ ვალებში 10%. ანუ "ფონდი ქართუ“ ხარჯავს არა მილიარდნახევარს, არამედ ამის მეათედს, რასაც რამდენიმე უფასოდ გადაცემული მიწით მალევე უკან ამოიღებს. 6. წინასაარჩევნოდ, "ფონდი ქართუს“ და სახელმწიფოს ერთობლივი გამოჩენა ამ სქემაში ნიშნავს ამომრჩეველთა კლასიკურ და მასობრივ მოსყიდვას და სალომე ზურაბიშვილი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას საარჩევნო მარათონიდან“, - წერს გვარამია..