ვალების ჩამოწერის იდეა "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციას მოპარა - გიორგი ვაშაძე
ბანკების შავ სიაში მყოფი პირებისთვის დავალიანების ჩამოწერის იდეა გაერთიანებულ ოპოზიციას ეკუთვნოდა და ეს იდეა „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას მოპარა.
ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პრემიერის მიერ გაჟღერებული ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.
ვაშაძეს ამის დასტურად სამი დღის წინ განხილული 2019 წლის ბიუჯეტი მოჰყავს, სადაც ჭარბვალიანობის დასაძლევად დაგეგმილი პროგრამა გაწერილი არ ყოფილა.
"ეს არის ჩვენი იდეა. მეორეა - რატომ წაიღო ეს იდეა "ქართულმა ოცნებამ". ამაზე არც ფიქრობდნენ საერთოდ, მაგრამ ისეთ დღეში არიან, საარჩევნოდ ყველაფერზე თანახმა არიან,“ - ამბობს გიორგი ვაშაძე.
ვაშაძის განმარტებით, ოპოზიციის გეგმა არ გულისხმობს შავ სიაში მყოფი პირისთვის ვალების სრულად ჩამოწერას. მისი თქმით, საუბარია დავალიანების მქონე პირის შავი სიიდან ამოღებაზე და ვალების გადახდასთან დაკავშირებით მორატორიუმის გამოცხადებაზე, რაშიც სახელმწიფო ვალდებულებით შევა.
"მეორე მნიშვნელოვანი საკითხი რაც გვაქვს გათვალისწინებული ეს არის პროცენტების შემდგომი კლება და ძალიან დიდი კვლევა გვაქვს ჩატარებული, რომ ძალიან მაღალია საქართველოში საპროცენტო განაკვეთი“, - ამბობს გიორგი ვაშაძე.
შეგახსენებთ, დღეს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააჟღერა ინიციატივა, რომელიც ბანკების შავ სიებში მყოფი პირებისთვის დავალიანების ჩამოწერას გულისხმობს.