დღეს ოფიციალურად მივმართავ შსს-ს გენერალურ ინსპექციას - ლაშა ნაცვლიშვილი

დღეს ოფიციალურად მივმართავ შსს-ს გენერალურ ინსპექციას - ლაშა ნაცვლიშვილი

გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით გუშინ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ში" გასულ სიუჟეტს ეხმაურება. ნაცვლიშვილი უარყოფს მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს და მიმართავს შსს-ს მოიკვლიოს აღნიშნული საქმის ყველა დეტალი. 

"მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო გუშინ ჩემს შესახებ გასულ სიუჟეტს. ჩემს პირველ პოსტზე კომენტარებიდან გამოჩნდა, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აინტერესებს, ვთხოვე თუ არა რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს დახმარება, რათა სამართალდარღვევის ფაქტზე რეაგირება არ მომხდარიყო? პასუხი ცალასახაა - არავისთვის მიმიმართავს ასეთის სახის თხოვნით. ცნობისათვის, ეს ინციდენტი გასული წლის ზაფხულში მოხდა. იმ პერიოდში მე ინტერნეტელევიზიის რიგითი ბლოგერი ვიყავი და არანაირი შეხება მმართველ პარტიასთან და საჯარო ხელისუფლებასთან არ მქონდა. ამიტომ, დღეს ოფიციალურად მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას თხოვნით (თუმცა, დარწმუნებული ვარ ისინი ამ შემოწმებას ჩემი მიმართვის გარეშეც ჩაატარებდნენ), ჩატარდეს მოკვლევა და ობიექტურად გაირკვეს ამ ფაქტთან დაკავშირებული ყველა გარემოება, მათ შორის, განხორციელდა თუ არა, ჩემი თხოვნით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელზე ზეგავლენა სხვა თანამდებობის პირების მხრიდან."- წერს ლაშა ნაცვლიშვილი.