ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი გია ხუხაშვილი "ნაციონალური მოძრაობისა" ლიდერის, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს საბანკო დავალიანებასთან და ვალების 1.65 კურსით დათვლასთან დაკავშირებით საარჩევნო რიტორიკად აფასებს და ამის მიზეზებსაც განმარტავს. მის კომენტარს სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
გია ხუხაშვილის თქმით, ამ ტიპის რიტორიკა ამ საკითხებზე აცდენილია ყოველგვარ ლოგიკას, რადგან საპრეზიდენტო უფლებამოსილება არანაირად არ გულისხმობს ამ საკითხებში მონაწილეობას ამა თუ იმ ფორმით. მისი თქმით, ეს "წმინდა პოლიტიკური რიტორიკაა". როგორც ხუხაშვილი ამბობს, "ნაციონალური მოძრაობა" დიდი სოციალური სეგმენტის თავისკენ გადაბირებას ცდილობს.
"პრეზიდენტს იმის უფლებამოსილებაც არ აქვს, რომ ამ მხრივ რამე აკეთოს, არამედ იმის უფლებაც არ აქვს, რომ ამაზე ბევრი ილაპარაკოს, რადგან მის კონსტიტუციურ კომპეტენციას ეს საკითხები სცილდება. პრობლემა არსებობს, ეს საკმაოდ მაღალი სოციალური რისკის ზონაა და ეს ვითარება გარკვეულწილად არასწორი პოლიტიკის გამო ჩამოყალიბდა. რა არის გამოსავლის გზები, ეს ცალკე საკითხია. ის, რომ ბანკები არ უნდა დომინირებდნენ ეკონომიკაზე, სწორია. ის, რომ ივანიშვილია ამის კურატორი, ეს სისულელეა, რადგან პირიქით, ბახტაძის ინიციატივა იყო, რომ ბანკების დომინირება დასრულებულიყო ამ ქვეყანაში და თავის ტყავში ჩატეულიყვნენ საბანკო სისტემები. არის რაღაც, რისი გაკეთებაც შეიძლება, თუმცა რა რესურსებით და როგორ, ეს ცალკე მსჯელობის საკითხია. ამ განცხადების ამოცანა იმდენად არ არის პრობლემების გადაწყვეტა, რამდენადაც წინასაარჩევნოდ, ერთჯერადად ამ სოციალური სეგმენტის გულის მოგება. ისინი იყვნენ ხელისუფლებაში 9 წელი და მე მაინცდამაინც არ მახსოვს ამ სოციალურ პრობლემებზე ასე აქტიურად ეფიქრათ. როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ 1.65 კურსით იქნება ვალები გადაანგარიშებული, რესურსი რა არის ამის?! საიდან მოაქვთ რესურსი, ამაზეც უნდა ილაპარაკოს. ეს ყველაფერი არის წინაასარჩევნო რიტორიკა და არა უმეტეს ამისა", - განაცხადა ხუხაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, დოლარებში აღებული კრედიტის გასტუმრება მოხდება 1.65 კურსით და არა დღევანდელი კურსით. მისი თქმით, სრულიად უსამართლო ვალები 2-წლიანი ვადით გაიყინება.
ნაციონალური მოძრაობა წინასაარჩევნოდ ე.წ. გარანტიის სერტიფიკატებსაც არიგებდა.