სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპიის ასოცირებული პროფესორი ზვიად კირტავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„როგორ შეიძლება ამ ხელისუფლების შედარება, როცა საყოველთაო ჯანდაცვა იმ ქირურგიული ოპერაციების, სხივური და ქიმიოთერაპიის ხარჯებს ფარავს, რომელთა გამო ათეულ ათასობით ოჯახის დაკაბალება ხდებოდა ნაცმოძრაობის დროს, ან უსასოო ავადმყოფები სახლში იღუპებოდნენ - ნაცმოძრაობასთან, რომლის ლიდერებს ახლაც არ ეპრობლემებათ იმის განცხადება, რომ „მომაკვდავ ადამიანზე“ (მათი ლექსიკონია) ფულის დახარჯვა თურმე შავ ხვრელში გადაყრა ყოფილა!
ოცნების დრო 45,000-ზე მეტმა ადამიანმა უფასოდ (!) იმკურნალა C-ჰეპატიტის გამო და განიკურნა! ამას დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში 60,000-80,000 ევრო სჭირდება! მერაბიშვილი კი ციხეებში C-ჰეპატიტზე გამოკვლევის უფლებასაც კი არ აძლევდა არავის - მერე მაგათი მკურნალობის ხარჯები ჩვენი გადასახდელი იქნებაო! რამდენი ადამიანი ვიცი, რომ მიგრაციაში იმის იმედად წავიდა, იქნებ საფრანგეთში (გერმანიაში, საბერძნეთში, ესპანეთში...) C-ჰეპატიტის უფასო მკურნალობის პროგრამაში მოვხვდეო...
მართლა ღირსია ის ადამიანი, რომელიც ნაცმოძრაობის კანდიდატს - ვაშაძეს შემოხაზავს, რომ ნაცმოძრაობის დროში დაბრუნდეს თავად, მაგრამ არ ვარ თანახმა, მეც თან წამიყოლოს იმ სამოთხედ წოდებულ გებელსურ ჯოჯოხეთში!
ძალიან ბევრი რამით მეც არ ვარ აღფრთოვანებული ქართული ოცნების ქმედებებიდან, მაგრამ თუ მათსა და ნაცმოძრაობის სადისტურ-კრიმინალურ რეჟიმს შორის მიწევს არჩევანის გაკეთება, ჩემთვის არჩევანი მხოლოდ ერთია - #არამიშას!
ამიტომ ამჯერად ვერ დავეთანხმები ჩემთვის ყველაზე მისაღები პოლიტიკოსის - დავით უსუფაშვილის მოწოდებას, რომ ჩვენი სამი არჩევანი გვაქვს - ხომ კარგად ვიცით, რომ ასე მხოლოდ ოცნების პოტენციური ამომრჩეველი შეიძლება დაიბნეს, ხოლო პარტაიგენოსე მიშას მუშტრირებული ლეგიონი ნამდვილად არ დაიწყებს ყოყმანს.
28 ნოემბერს მე მხარს დავუჭერ სალომე ზურაბიშვილს და "ქართულ ოცნებას".
ხოლო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ნამდვილად უნდა დავიწყოთ ამ შუაგაკრეფილ საზოგადოებაში მესამე პოლიტიკური ძალის აქტიური მხარდაჭერა - ჩემთვის ამ ძალის უალტერნატივო ლიდერად სწორედ დავით უსუფაშვილი მესახება.
ხომ დავრწმუნდით, რომ აბსოლუტური ძალაუფლება მართლაც ძალიან აფუჭებს მმართველ ძალას. უალტერნატივო არჩევანი რომ თავიდან ავიცილოთ, ჩვენი იდეალი უნდა გახდეს ფიქრი კოალიციურ ხელისუფლებაზე.
და სანამ სამართალი არ იქნება, მშვიდობაც არ გვექნება და გუშინდელი მონსტრების დაბრუნებაც არასდროს იქნება გამორიცხული... ამიტომ სასამართლო სისტემის რეფორმის ბოლომდე მიყვანა უნდა გახდეს სამართლიანი სახელმწიფოს შენების უმთავრესი პოსტულატი და ქვაკუთხედი“, - წერს კირტავა.