„ევროპული საქართველოს“ კახეთის შტაბის წევრები პარტიას ტოვებენ

„ევროპული საქართველოს“ კახეთის შტაბის წევრები პარტიას ტოვებენ

პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველოს“ წევრები პარტიას ტოვებენ. პროტესტს კახეთიც შეუერთდა. imedinews-ის ინფორმაციით, ამჯერად გურჯაანის რაიონული ოფისიდან 10-მდე წარმომადგენელი წავიდა, რომლებიც კოორდინატორებად და აგიტატორებად მუშაობდნენ.

პროტესტის მიზეზი „ევროპული საქართველს“ ლიდერების განცხადებები გახდა, რომლის მიხედვითაც ისინი მხარს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ნაციონალური მოძრაობის ოპოზიციური ჯგუფის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს უჭერენ.

პარტიის უკვე ყოფილი წევრებისთვის გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურა მიუღებელია, ამიტომ ყველა მათგანი „ქართულ ოცნებას“ უკვე შეუერთდა და მეორე ტურამდე აქტიურ მუშაობას სახელისუფლებო პარტიის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილისთვის იწყებენ.

„ჩვენ არ გვინდა სისხლიანი რეჟიმის დაბრუნება. ადანიამები, რომლებიც აწამებდნენ და კლავდნენ მოქალაქეებს. ჩვენ ვიცოდით, რომ ბაქრაძეა პარტია ცალკე იყო, თუმცა გაირკვა, რომ ისინი კვლავ ერთად მოქმედებდნენ“ - განაცხადეს „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრებმა.

მანამდე წყალტუბოს შტაბის მენეჯერმა და „ევროპული საქართველოს“ წევრმა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის გამო პარტია დატოვა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების - 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს დაინიშნა.