რატომ უნდა შეიცვალოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თარიღი?! - რა კოდი დევს ციფრებში - 9 და 26?

რატომ უნდა შეიცვალოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თარიღი?! - რა კოდი დევს ციფრებში - 9 და 26?

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის აზრით, საქართველოს ბედის უკუღმა დატრიალება იმით არის გამოწვეული, რომ  ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს არასწორად შერჩეულ დღეს აღვნიშნავთ.

ასტროლოგის მტკიცებით, ყველაფერი გამოსწორდება, თუ ხელისუფლება მას დაუჯერებს და დამოუკიდებლობის აღსანიშნავად, ქვეყანა სულ სხვა თარიღს აირჩევს.   

"ჩემთვის რომ დაეჯერებინათ საქართველოს ხელისუფლებებს, ქვეყნის სახელმწიფო დროშისთვის სულ სხვა ფერებს შევარჩევინებდი. ისევე, როგორც დამოუკიდებლობის აღსანიშნავად, სულ სხვა თარიღს დავნიშნავდი, რომელიც ასტროლოგიურ კუდში სამ შვიდიანს მოგვცემდა და აყვავდებოდა და აშენდებოდა ქვეყანა, როგორც ეს ამერიკელებმა გააკეთეს თავის დროზე. ჩვენ რომ ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ, სულ სხვა ცხოვრება გვექნება, მაგრამ ახლა მივყვებით ძველ კოდს, რომელიც ჩაიდო ქვეყნის დამოუკიდებლობაში. საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად,  26 მაისი და 9 აპრილი, როდესაც ზვიად გამსახურდიამ დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა, ერთი მეორეზე უარესი თარიღებია. ქვეყნის დამოუკიდებლობას რომ გამოაცხადებ ადამიანი მაშინ, როცა მზე გადის ტყუპების გაორებულ ნიშანში, ეს საშინელი გადაწყვეტილებაა. ქვეყანა გაორებული იქნება, ამიტომაც ყველაფერი გვაქვს გაორებული. ჩვენ თვითონ არ ვიცით, რა გვინდა“, - განუცხადა "2020NEWS"- ს ასტროლოგმა ცაგარელმა.

სააგენტო რასაკვირველია, დაინტერესდა, რომელი თარიღი იქნებოდა მისაღები ქვეყნის დამოუკიდებლობის დღედ აღნიშვნისთვის, ანუ რომელ თარიღზე გააკეთებდა არჩევანს მიხეილ ცაგარელი, რომლის აღნიშვნის შემთხვევაშიც, ქვეყანაში გაცილებით კარგი პროცესები დაიწყებოდა, თუმცა ასტროლოგის თქმით, ამ თარიღის გამოთვლა უდიდეს შრომასთან არის დაკავშირებული.

"თქვენ ხუმრობთ? - მე ეს თარიღი როგორ უნდა დავასახელო. ეს თარიღი რომ გამოვითვალოთ, დაახლოებით 10-მა ასტროლოგმა, სამი თვის განმავლობაში უნდა იმუშაოს. უდიდესი შრომაა გასაწევი ამისთვის. წლებია, ამის შესახებ ვღაღადებ, მაგრამ ხელისუფლებიდან არავინ გამომხმაურებია. მე ჩემით ამხელა შრომას როგორ გავწევ?! - თქვენ იცით, რა ღირს პირადი ჰოროსკოპის შედგენა? - დაახლოებით 10 000 დოლარი", - განუცხადა ცაგარელმა "2020NEWS"- ს.

შეგახსენებთ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისს აღინიშნება.