„ეს კიდევ ერთხელ დადასტურებაა იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებელ კანდიდატად არავინ განიხილავს. ის „ქართულ ოცნებასთან" არის შეზრდილი და ფაქტობრივად, პარტიულ კანდიდატს წარმოადგენს. ახალი ბილბორდები აჩვენებს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი და „ქართული ოცნება" ერთი და იგივეა და მათ შორის არავითარი განსხვავება არ არსებობს," - აცხადებს სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას.
„ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო სააგიტაციო ბილბორდებზე პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გამოჩენას, „რეზონანსთან" საუბრისას სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი აფასებს.
მისი განცხადებით, მმართველი გუნდის ახალი სტრატეგია აჩვენებს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის დამოუკიდებელი კანდიდატი და საპრეზიდენტო მარათონში არც კონკურენციით გამოირჩევა, რადგან მას მმართველი გუნდის დახმარება სჭირდება.
მისი თქმით, „ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში წარუმატებლობას მხოლოდ ზურაბიშვილის მიმართ ამომრჩეველთა ნეგატიურ დამოკიდებულას აბრალებს და არა მმართველი გუნდის მიმართ კრიტიკულ მიდგომას.
„ეს ბილბორდები ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის საკმარისად კონკურენტუნარიანი კანდიდატი საპრეზიდენტო ბრძოლაში. მას სჭირდება სხვა პოლიტიკოსების, „ქართული ოცნების" სხვა სახეების დახმარება, მათ შორის ასეთ პროპაგანდისტულ საშუალებებშიც, როგორიც ბილბორდია.
„ქართულ ოცნებას" ჰგონია, რომ სალომე ზურაბიშვილის პირველ ტურში წარუმატებლობა, ის ფაქტი, რომ მან პირველ ტურში ვერ გაიმარჯვა, ზურაბიშვილის მიმართ ამომრჩევლის ანტიპატიის შედეგია და არა ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების.
„ქართულ ოცნებას" მიაჩნია, რომ თუკი საკუთარ თავს წინ წამოწევს, ამით ზურაბიშვილის მიმართ ანტიპატიას გაანეიტრალებს და ადამიანებს აჩვენებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას წარმატებული პარტია „ქართული ოცნება" იღებს.
„სალომე ზურაბიშვილის წარუმატებლობა არ არის გამოწვეული მხოლოდ მის მიმართ ანტიპატიით, არამედ „ქართული ოცნების" მიმართ უკმაყოფილებითაც. როგორც ჩანს, ხელისუფლება, მაინცდამაინც ვერ აცნობიერებს ამას," - აღნიშნა კაჭკაჭიშვილმა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდის ახალი გადაწყვეტილება საკმაოდ კომიკურია და ამით „ქართული ოცნება" დამატებით ხმების მოზიდვას ვერ შეძლებს.
„არ მგონია, რომ ამას სალომე ზურაბიშვილის მიმართ დამატებითი ხმების მნიშვნელოვანი მობილიზება მოჰყვეს, პირიქით; ეს ცოტა კომიკურადაც კი გამოიყურება, - საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართულია ქალი კანდიდატი და ამ დროს ბილბორდებზე მამაკაცი პოლიტიკოსები ჩანან.
„პირადად მე თავიდან მეგონა, რომ ეს ოპოზიციის გაკეთებული იყო იმისთვის, რომ ეჩვენებინა - სალომე ზურაბიშვილი არ არის დამოუკიდებელი კანდიდატი და არის „ქართულ ოცნებასთან" შეზრდილი. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ხელისუფლებამ ჩამოკიდა ეს ბილბორდები," - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.