ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, მას ვერ ექნება გამაერთიანებლის ფუნქცია, - კაკაჩია

ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, მას ვერ ექნება გამაერთიანებლის ფუნქცია, - კაკაჩია

„რომელმა კანდიდატმაც არ უნდა გაიმარჯვოს, მით უფრო გამარჯვებულისთვის, სერიოზული პრობლემა იქნება ლეგიტიმაციის საკითხი და მას ვერ ექნება გამაერთიანებლის ფუნქცია, რომელიც კონსტიტუციით იყო განსაზღვრული", - აცხადებს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, რომელსაც „რეზონანსი" საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოსალოდნელ შედეგებზე ესაუბრა.

„ეს არის ის არჩევნები, როდესაც ვერავინ დადებს ზუსტ სურათს, რადგან იმდენად ახლოს არიან კანდიდატები ციფრებით ერთმანეთთან, რომ შეიძლება ერთმა ციფრმა გადაწყვიტოს არჩევნების ბედი. ეს, ერთი მხრივ კარგია და მეზობელ სახელმწიფოებთან შედერებით დემოკრატიის ხარისხის მაჩვენებლია. თუმცა ორივე გამარჯვებული ვერ იქნება.

„ამიტომ, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ეს არჩევნები და რომელმა კანდიდატმაც არ უნდა გაიმარჯვოს, მით უფრო გამარჯვებულისთვის, სერიოზული პრობლემა იქნება ლეგიტიმაციის საკითხი, რადგან საარჩევნო კამპანიაში იყო იმდენი კონფრონტაცია, რომ ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი, მიუმხრობელი ამომრჩევლის თვალში მას ვერ ექნება გამაერთიანებლის ფუნქცია, რომელიც კონსტიტუციით იყო განსაზღვრული. ეს იქნება სერიოზული პრობლემა.

„სერიოზული პრობლემა იყოს ისიც, რომ საარჩევნო კამპანია ძალიან გაგრძელდა, შეჯიბრი მხოლოდ ორ პოლიტიკურ ძალას შორის მიმდინარეობს და სხვა პოლიტიკური სუბიექტები ამაში არ მონაწილეობდნენ, რომელთაც შეეძლოთ უფრო მეტი ამომრჩევლის გამოყვანა და საარჩევნო სისტემა დაებალანსებინათ. პრობელმაა ისიც, რომ წინასწარ მოვლენების დრამატიზირებამ შეიძლება ამომრჩევლის უკურეაქცია გამოიწვიოს და სულაც არ მივიდეს არჩევნებზე.

„რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს არჩევნების შემდეგ, ეს მთლიანად დამოკიდებული იქნება ამომრჩევლის განწყობაზე. თუ ამომრჩეველი დაინახავს, რომ იყო გაყალბება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და მანიპულაციები, ამას შეიძლება მოჰყვეს აქციები და საარჩევნო კამპანიის დროს დაწყებული კონფრონტაცია ქუჩაში გადავიდეს.

„მაგრამ ამომრჩეველმაც უნდა გააკეთოს სწორი დასკვნები და არა მოკლევადიანი გათვლები, რადგან კონსტიტუციის ახალი რედაქციით მინიჭებული უფლებებით პრეზიდენტი ვერ შეძლებს იმ დაპირებების შესრულებას, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს მისცა ამომრჩეველს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.