შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას დაკავება მტკიცებულებების შეგროვების შემდეგ მოხდა. მინისტრის თქმით, როგორც ჩანს, მტკიცებულებათა სრული სტანდარტი, რომ გოგია დაეკავებინათ და ბრალი წარედგინათ, აქამდე არ არსებობდა.
„საქმეს ანტიკორუფციული სააგენტო იძიებს. დაკავების გადაწყვეტილება მათ მიიღეს და ეს იმაზე მიანიშნებს, რომ შეკრიბეს აუცილებელი მტკიცებულებები და დააკავეს. იმისთვის, რომ ადამიანი დააკავო, მტკიცებულებათა სრული სტანდარტი გჭირდება. როგორც ჩანს, მტკიცებულებათა სრული სტანდარტი, რომ დაეკავებინათ და ბრალი წარედგინათ, არ არსებობდა. საგამოძიებო უწყებამ როგორც კი შეკრიბა მტკიცებულებები, ადამიანი დააკავა“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ პირველ ნოემბერს დააკავა.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით).