იშვიათი გამონაკლისის გარდა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტები სამეგრელოში ინციდენტის გარეშე არ სრულდება. გამონაკლისი კი მხოლოდ ის შემთხვევებია, როცა მომხდარი ფაქტები ვიდეო-კამერის ობიექტივში არ, ან ვერ ხვდება. ცხადია, ასეთი ვიდეო-კამერების უკან იმ დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები დგანან, ვისთვისაც ჟურნალისტური მოვალეობა სახელისუფლებო ცენზურაზე მაღლა დგას.
ბუნებრივია, წინასაარჩევნო პერიოდში ჟურნალისტური ინტერესი მოსახლეობასთან ოპოზიციური თუ სახელისუფლებო შეხვედრების მიმართ განსაკუთრებულად იზრდება, მითუმეტეს, თუ მას ქვეყნის პრეზიდენტი მართავს. თუმცა, ბოლო პერიოდში, მიხეილ სააკაშვილის მოსახლეობასთან ღია ცის ქვეშ ჩატარებული შეხვედრები დახურულად ცხადდება და ტელეეკრანებზე მხოლოდ პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ დამონტაჟებული კადრები ხვდება.
სამეგრელოში მომუშავე ჟურნალისტების ერთმა ჯგუფმა დღეს სწორედ ასეთ დახურულ შეხვედრამდე, სოფელ ცაიშში პრეზიდენტის ლოდინში დარაზმული ადამიანების გადაღება და მათთან გასაუბრება გადაწყვიტა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი რესტორან „დიარონიდან“ ჯერ წალენჯიხაში გაემგზავრა და ზუგდიდის მთავარ ქუჩებზე ძალოვანების ორსაათიანი პიკეტი მოიხსნა.
მიხეილ სააკაშვილს სოფელ ცაიშში დღეს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მუნიციპალური ტრანსპორტით მიყვანილი სხვა მოქალაქეებიც ელოდებოდნენ. იქ შეკრებილ 120-მდე ადამიანში ზუგდიდის პოლიციის, კუდ-ის, სოდ-ისა და სამთავრობო დაცვის თანამშრომელიც მრავლად იყო. „for.ge“-ს, „livepress.ge“-ს, „ტვ-9“ სა და „მაესტროს“ ჟურნალისტების გამოჩენას კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალოვანებთან ერთად ადგილობრივი „ნაცელიტის“ სრული მობილიზაცია მოჰყვა. თუმცა, შეხვედრის ადგილიდან 5 ნომრით „დამშვენებული“ წითელმაისურიანი ყმაწვილკაცები რატომღაც გაქრნენ.
პრესის წარმომადგენლებს მოულოდნელად ქალბატონი მიუახლოვდა, რომელმაც თავი მათ პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლად გააცნო. მან შეხვედრა პროტოკოლის მიხედვით დახურულად გამოაცხადა, თუმცა მასში პრეზიდენტის მონაწილეობა არ დაადასტურა და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ჟურნალისტები შესაბამის პრესსამსახურში გადაამისამართა. თავის მხრივ, „გულღია და უშუალო“ ქალბატონი „პრესსამსახურის“ ფუნქციასაც მოხერხებულად ითავსებდა და ინტერვიუს ჩაწერის პროცესს საკუთარი მობილური ტელეფონის ვიდეოკამერით აფიქსირებდა. „მცველმა“ ქალბატონმა პრეზიდენტის გამოჩენამდე ჟურნალისტებს შეკრებილ მოსახლეობასთან ინტერვიუს ჩაწერის ნებართვაც თავადვე მისცა.
ამგვარი სიტყვიერი ნებართვის მიუხედავად, ჟურნალისტები ძალოვანებმა ქვის ღობეს არ გადაატარეს და პრეზიდენტის მომლოდინე ადამიანებთან გასაუბრების საშუალება არ მისცეს. ხელოვნურად შექმნილი ბარიერის მიუხედავად, მოსახლეობის ნაწილმა მედიასთან გასაუბრების სურვილი თავად გამოთქვა. ღობის გაღმიდან ჟურნალისტებს პირველად ცაიშში მცხოვრები ქალბატონი, როზა წყაბელია მიუახლოვდა და ინტერვიუ იმ კითხვებით დაიწყო, რის დასმასაც პრეზიდენტთან შეხვედრისას აპირებდა. პირველივე წინადადება მას პოლიციისა და კუდ-ის თანამშრომლებმა გააწყვეტინეს, თუმცა წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ ინტერვიუს ჩაწერა გაგრძელდა. საკუთარი დუხჭირი ყოფისა და დაავადებულ, მედიკამენტებისა და საკვების გარეშე დარჩენილ ოთხ შვილიშვილზე საუბარისას იგივე პირებმა ვიდეო კამერას უკვე მეორედ, ძალის გამოყენებით მოაშორეს. როზა წყაბელია სამართალდამცავებმა ჯერ მიწაზე ათრიეს, ხოლო შემდეგ ყოფილი ამბულატორიის ფიცრულ შენობაში გამოამწყვდიეს. ქალბატონის მიმართ გამოჩენილი სისასტიკე 85 წლის ცაიშელმა, პალიკო ჯანაშიამ იქვე გააპროტესტა და ჟურნალისტებს განუცხადა, „ქალის მიმართ ასეთი ძაღლური მოპყრობა დანაშაულია.“
პალიკო ჯანაშია მედიასთან სოფლის მეურნებაში არსებულ იმ პრობლემებზეც საუბრობდა, რომელმაც გლეხი წელში გაწყვიტა. „თუ პრეზიდენტი სოფლის მეურნეობას ვერ მიხედავს, ის პრეზიდენტი აღარ არის. ამბობენ, სოფლის მეურნეობა ავაყვავეთო. როგორ ააყვავეს, როცა სასუქი 45 ლარი ღირს, მიწას დამუშავება უნდა... ტრაქტორი არ არის. პრეზიდენტს ვეტყვი, რომ სოფელს, გლეხს უჭირს და იგი გაჭირვებიდან უნდა ამოიყვანოს. ენგურჰესი ხომ ჩვენია? როგორ უნდა გადავიხადოთ ასე გაძვირებული დენის საფასური...“ - მხოლოდ ამის თქმა მოასწრო პალიკო ჯანაშიამ, რომელიც ძალოვანებმა ამჯერად, „კორექტულად“, ქალბატონ წყაბელიას გზას გაუყენეს.
რამდენიმე წუთში, საღამოს 6 საათისთვის მიხეილ სააკაშვილი მთავრობისა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გამოჩნდა. ჟურნალისტებს მისი გადაღების საშუალება ძალოვანებმა არ მისცეს. მიხეილ სააკაშვილის ხმა ჟურნალისტებს მხოლოდ ღობის გაღმიდან ესმოდათ...