ბიზნესმენი ლევან ვასაძე რადიო „კომერსანტთან"ინტერვიუში იმ მიზეზებზე საუბრობს თუ რატომ არ მოვიდა პოლიტიკაში:
„ერი დაითრგუნა, მორალურად განადგურდა, მიწასთან გასწორდა და დაიჯერა, რომ ამ ქვეყანაზე სამართალი არ არსებობს. ასეთ ფსიქოლოგიურ კრიზისში მყოფი საზოგადოება ვერაფერს შექმნის და მხოლოდ ლოთობასა, ნარკომანიასა და გარყვნილებაში ეცდება დაივიწყოს თავისი უბედურება და გაუპატიურება.
ასეთ მდგომარეობაში მყოფი ხალხის მართვა მხოლოდ უმძიმესი ფსიქიური პრობლემებისა და ფობიების მქონე ადამიანს შეიძლება უნდოდეს...
როდესაც ხედავ, რომ შენს სამშობლოში ასეთი გაუგონარი რამ ხდება, იკვლება ხალხში სამართლიანობის რწმენა, რაღა ბიზნესი უნდა გაინტერესებდეს კაცს. ბიზნესს ხომ იმისათვის აკეთებ, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაეხმარო შენს გარშემო, რაც არ უნდა დაუნახავ და შურიან, ცილისმწამებელ და უსამართლო ადამიანებს ხვდებოდე შენს ქვეყანაში და თუ ხედავ, რომ ამ ადამიანებს თავი აქვთ ჩაქინდრული და ქვითინებენ, შენი გულიც სისხლისა და ცრემლისაგან იცლება მათთვის და შენი სამშობლოსათვის.
ამ ტრაგიკული განცდის სიღრმესა და სიალალეს უმადური, ურწმუნო და გარყვნილი ადამიანი არასოდეს დაიჯერებს, და შურისა და ეჭვისაგან დაბინძურებული თვალით შეგხედავს და ყურით მოგისმენს და თავის ქირქილს გააგრძელებს უაზროდ, მაგრამ ეს სრულიად არაფერ არ სცვლის: მე ვცხოვრობ ჩემი ერის როგორც ფიზიკური, ისე მორალური განადგურების უმძიმეს ხანაში და ტყვია მირჩევნია ამის ყურებას.
მე არაერთხელ ავხსენი რატომ არ მიმაჩნია ამ უბინძურეს პოლიტიკაში შესვლა ქვეყნისათვის გამოსავალად, მაგრამ ცხადია, რომ ვერც ეს ავუხსენი ხალხის ნაწილს და ვარ ასე დათრგუნული და დაცინული. თუმცა არცერთი წამით არ ვკარგავ უფლის იმედს და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი გამოუჩენს ჩვენს სამშობლოს ამ საშინელებიდან გამოსავალს. ვფიქრობ, ეს მოხდება იმ დღესვე, როდესაც ქართველი დედები ერთიანად შეწყვეტენ საკუთარი შვილების მოკვლას თავიანთ საშოში. მერე გაიხსნება ცა და სასწაულებრივად აღდგება საქართველო, მთელი მისი დიდებით. მანამდე, კი როგორმე უნდა გავუძლოთ ამ ჩვენს მორალურ და ფიზიკურ კვდომას."- განაცხადა ლევან ვასაძემ.