მეორე ტურის კამპანიას ივანიშვილი გაუძღვება

მეორე ტურის კამპანიას ივანიშვილი გაუძღვება

მმართველი პარტიის ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდა. შეხვედრა პარტიის ცენტრალურ ოფისში დღეს, 10:00 საათზე დაიწყო.

მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გახდა ცნობილი, პარტიის ლიდერები პარტიის წევრებს ყოველდღე ხვდებიან.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ "ოცნების" ლიდერები საკადრო ცვლილებებზე ალაპარაკდნენ.

„ქართული ოცნების" ოფისში, სადაც უმრავლესობისა და ბიძინა ივანიშვილს შეხვედრა გაიმართა, მათი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო.

ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით მსჯელეს.

ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით „ქართული ოცნების" ოფისში შეხვედრა გუშინაც გაიმართა.

ქართული ოცნების ოფისთან, სადაც ბიძინა ივანიშვილის უმრავლესობასთან შეხვედრა მიმდინარეობს, ცოტა ხნის წინ გოგა ხაინდრავა გამოჩნდა. ხაინდრავამ მას შემდეგ რაც ოფისის წინ ჟურნალისტები შენიშნა, ტერიტორია მალევე დატოვა, ისე რომ მედიამ მისი კომენტარის ჩაწერა ვერ მოახერხა. თუმცა მოგვიანებით ის ავტომანქანით "ოცნების" ფარეხის შესასვლელიდან შევიდა. უცნობია რასთან დაკავშირებით მივიდა ხაინდრავა იქ და ესწრება თუ არა ის ივანიშვილის უმრავლესობასთან შეხვედრას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ვარაუდობს, რომ მეორე ტურის საარჩევნო კამპანიას სათავეში ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგება. როგორც ჟურნალისტებს ქანთარიამ განუცხადა, ცვლილებები აუცილებლად უნდა განხორციელდეს, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებში მსგავსი შედეგები მოულოდნელი იყო და ყველა ნაწყენია.

„შედეგები ცივი შხაპივით არის. მთავარი კითხვაა, როგორ მოვახერხეთ, რომ ექვსი წლის თავზე, ალტერნატივა „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატია. ამის მიზეზები ხელის გულზე დევს. ალბათ, საარჩევნო კამპანიას ბიძინა ივანიშვილი გაუძღვება და ვის რას დაავალებენ, გამოჩნდება. მოსახლეობის მობილიზაცია უნდა მოხდეს, რომ პერსპექტივა და ხიფათი არ დავუშვათ, რაც ქვეყანას ელოდება, თუკი სააკაშვილის ნაცვალი გაპრეზიდენტდება", - განაცხადა ქანთარიამ.

„ვისაუბრეთ პოზიტივზეც და ნეგატივზეც" , - ამის შესახებსაპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ „ქართულიოცნების" ოფისში გამართული შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგგანაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, გარკვეული ხარვეზები არსებობს.

„ვილაპარაკეთ ყველა თემაზე, პოზიტივზეც , ნეგატივზეც. არის საკითხები, რომელიც ეხება საარჩევნოტექნოლოგიებს, არის ხარვეზებიც: აქტივობა, ჩართულობა, გუნდის ძველი წევრების აქტიური ჩართულობა, საერთოდ ჩაურთველობა, კოორდინატორების აქტიური მუშაობის აუცილებლობა და ა.შ", - განაცხადა ვოლსკიმ.