"გონს მოეგონ და მოინანიონ მსგავსი მოღალატეობრივი განცხადებები, ეს არის საქართველოს მტრების ოცნების გახმოვანება"

წმინდა სინოდის წევრმა მეუფე პეტრემ, „ქართლი ოცნების“ დეპუტატი ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების ლობირებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო ომთან დაკავშირებიტ გედევან ფოფხაძის განცხადების შემდეგ კარგად გამოჩნდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა სახელმწიფოებრივად არ აზროვნებს.

„მოვუწოდებდი რომ გონს მოეგონ და მოინანიონ მსგავსი მოღალატეობრივი განცხადებები, რომელიც არის გახმოვანება დამპყრობლის და საქართველოს მტრების ოცნებისა. განცხადებები იყო აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და არასახელმწიფოებრივი. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მინიმალური სახელმწიფოებრივი აზროვნებაც კი არ არსებობს რიგ დეპუტატებში. თუ საუბედუროდ ეს ადამიანები არიან ჩარჩენილი 90-იან წლებში, მადლობა ღმერთს რომ არც ქართველი ერი და არც ეკლესია არ ჩარჩენილა და გაიზარდა მისი თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების ხარისხი.“- განაცხადა მეუფე პეტრემ.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში ქვეყანა სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშე დადგება.