საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, გია ხუხაშვილი, რომელზეც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დღეს იერიში მიიტანა და "ნაციონალურ მოძრაობასთან" გარიგებაში დაადანაშაულა, ყოფილი მეგობრის ბრალდებებს "ნიუპოსტთან" გამოეხმაურა.
ექსპერტი ამბობს, რომ ივანიშვილი მისმა შეფასებებმა გააღიზიანა, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნების თავმჯდომარემ ლიდერის ფუნქცია დაკარგა და სისტემის შენარჩუნებას ცდილობს.
"ივანიშვილი გაბრაზდა იმიტომ, რომ ამ დღეებში გამოვაცხადე, რომ მან ლიდერის ფუნქცია დაკარგა და მისი ერთადერთი საზრუნავი სისტემის შენარჩუნებაა. ეს შეფასება მისთვის, როგორც ჩანს ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა. რაც შეეხება ნაციონალებსა და ფულის ამღებებებს, ასეთები მან საკუთარ გარემოცვაში მოიკითხოს"- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ექსპერტმა "ნიუპოსტთან" აღნიშნა , რომ ივანიშვილი ჭორაობს მაშინაც, როცა ირწმუნება, რომ თითქოს ხუხაშვილს "ილუზია ჰქონდა, რომ მართავდა პროცესებს".
"ეს მისი პირადი შფოთვებია და მე რა ვქნა?!, რაც შეეხება ურეკში ჩასვლას, მე იქ სწორედ ივანიშვილის თხოვნით ჩავედი და ვუთხარი, რომ სისტემიდან გავდივარ და ამის დადასტურება ძალიან ბევრ ადამიანს შეუძლია. ჭორაობაში ივანიშვილს ვერ ავყვები, ამ დონემდე არ ჩავალ. მე მისი მდგომარეობა ნაკლებად მაინტერესებს, ჩემი ინტერესის საგანია ქვეყნის მდგომარეობა, რომელიც არასახარბიელოა"- თქვა ხუხაშვილმა.
ექსპერტმა აბსურდული უწოდა ექსპრემიერის კიდევ ერთ ბრალდებას, რომლის მიხედვითაც საპრეზიდენტო არჩევნებისას ხუხაშვილი ნინო ბურჯანაძეს ლობირებდა.
"რა სისულელეა, წარმოუდგენელი რაღაცებია... გიორგი მარგველაშვილი ჩემი მეგობარია და ივანიშვილი რას ამბობს, რომ მე ბურჯანაძეს ვუჭერდი მხარს საპრეზიდენტო არჩევნებზე?! ამაზე რა კომენტარი გავაკეთო"- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ "გია ხუხაშვილზე კარგს ვერაფერს იტყვის".
ექსპრემიერმა ყოფილი მრჩეველი "ნაციონალურ მოძრაობასთან" გარიგებაში დაადანაშაულა. მეტიც ივანიშვილი ირწმუნება, რომ ხუხაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში ნინო ბურჯანაძის გამარჯვებას პროგნოზირებდა და მას ლობირებდა.