თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთ საბავშვო ბაღის სამი აღსაზრდელი მკურნალობას ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში გადის. მათ პირღებინება, დიარეა და ტემპერატურის მატება აღენიშნებათ.
ზოგადად, ამ პერიოდში ხშირია ვირუსული ინფექციები, მათი გავრცელება ჰაერის ტემპერატურის ვარდნასთან ერთად იმატებს.
ამის მიუხედავად, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმართა სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რათა შემოწმდეს კვების ბლოკი და გამოირიცხოს კვებითი ინტოქსიკაცია. ასევე, სააგენტოს რეკომენდაციით, პროდუქტების გარკვეული ნაწილის სინჯები გადაიგზავნა ლაბორატორიაში კვლევისთვის. ბაგა-ბაღში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაო.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი დადგინდეს, რა გახდა ბავშვების ინფიცირების მიზეზი -საკვები თუ ვირუსული ინფექცია.