"ქართული ოცნების" თავმჯდომარე მისივე მოწონებული საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსვლით კმაყოფილია. ბიძინა ივანიშვილი დღეს სპორტის სასახლეში, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად მივიდა და მედიასთან კომენტარი გააკეთა.
ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილის წარსულზე ისაუბრა და შეაქო კანდიდატი, რომ მან "საფრანგეთში დაბადებულ შვილებს ქართული ენა ასწავლა".
ყოფილმა პრემიერმა გააკრიტიკა ისინი, ვისაც ზურაბიშვილის სასაუბრო ქართული არ მოსწონს. ივანიშვილი თვლის, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი "ძველქართულად საუბრობს", რაც ივანიშვილისთვის "მომხიბვლელია".
"ჩემთვის ამაჩუყებელი იყო, რომ სცენაზე მისმა შვილმა ცრემლები ვერ შეიკავა. ზოგიერთი ვაი ქართველი ეჭვს გამოთქვამს ქალბატონი სალომეს აქცენტზე, რომ ის ქართველი არ არის, ჩემი აზრით, ამით ხაზს უსვამს საქართველოს ისტორიას, სწორედ მის აქცენტს აქვს ჩემთვის ყველაზე დიდი ხიბლი, ხიბლი აქვს მისი შვილის აქცენტსაც.
მე ძალიან მოხიბლული ვარ, თუ გნებავთ, ძველი ქართული აქცენტით, რომელიც ქალბატონ სალომეს აქვს.
სწორედ ყველაზე დიდი სირთულე, რაც გადაიტანს მისმა მშობლებმა, რომ ქალბატონი სალომე ქართულენოვანი დარჩენილიყო და შემდეგ ქალბატონმა სალომემ შეძლო ეს თავისი შვილებისთვის. ამას ძალიან დიდი ხიბლი აქვს. სამშობლოში დაბრუნების სიმბოლოა ქალბატონი სალომე, ჩვენი ევროპულობის სიმბოლოც.
გაირკვა ისიც, რომ ექსპრემიერს მაღალჩინოსნების გამოსვლებიდან ყველაზე მეტად პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა მოეწონა. ივანიშვილმა მედიასთან კობახიძის ციტირებაც მოახდინა:
"სუსტი მამაკაცები ებრძვიან ძლიერ ქალს. სუსტ მამაკაცებსაც შევუნდოთ და მოვუწოდებ, რომ სიძულვილის ენა დაივიწყონ. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. ჩვენ ყველა ერთმანეთთან უნდა დავდგეთ, ყველას მხარი უნდა მივცეთ. გავერთიანდეთ და სწორედ ასე მოვახერხებთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას, წინსვლას"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე პროგნოზსაც აკეთებს და ამბობს, რომ თუ "ქართული ოცნების" მხარდამჭერების მაქსიმალური მობილიზება იქნება, სალომე ზურაბიშვილი, პირველ ტურში აიღებს გამარჯვებისთვის საჭირო ხმების რაოდენობას.
"ყველაზე პესიმისტური გათვლებითაც კი, მეორე ტურში იგებს ქალბატონი სალომე. მეორე ტური თუ შედგა, რისი ალბათობაც მცირეა, თითქმის თანაბარი შანსი აქვს "ნაციონალური მოძრაობის" ორივე წარმომადგენელს. რაღაც ერთი ქულაა სხვაობა ვაშაძესა და ბაქრაძეს შორის. ერთი პროცენტი ბევრს არ ნიშნავს, ერთი პროცენტი შეიძლება არჩევნებზე სხვანაირად გამომჟღავნდეს. ყველა შემთხვევაში, თუ იქნება მეორე ტური, ამის ალბათობა დაბალია, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას"- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ყოფილმა პრემიერმა ამომრჩეველს მიმართა:
"გადადონ ის კითხვის ნიშანი, რომ ქალბატონი სალომე არ არის "ქართული ოცნების წევრი. ამავდროულად, ჩვენს ყოფილ მხარდამჭერებს, რომლებმაც მოახერხეს განაწყენება, ხშირად არა საკუთარი მიზეზით, ქართული ოცნების აქტიური წევრების შეცდომით შეიძლება, ან სხვა ობიექტური ფაქტორებით. გვერდით გადავდოთ ყველაფერი, გავერთიანდეთ და რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ არჩევნები"- დასძინა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.