საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს:
„რ2 -ის წარმომადგენელი ამახვილებდა ყურადღებას იმაზე, რომ რუსეთი სალომეს წიგნიდან იყენებს თურმე ციტატასო და აი, ევროსაბჭოს რეზოლუციას კი (სადაც ზუსტად იგივე წერია, რაც სალომეს უწერია, მაგრამ სხვა სიტყვებით) არ იყენებსო.
ვინც არ იცის, მე გეტყვით, თუ დამიჯერებთ:
რუსეთი, მხოლოდ იმიტომ არ გამოიყენებს ევროსაბჭოს რეზოლუციის ჩანაწერს, რომელსაც, თავის დროზე მხარი დაუჭირა ნაციონალების ხელისუფლების დელეგაციამ და კერძოდ პრეზიდენტობის კანდიდატმა ბაქრაძემ, (თუმცა ახლა აღარ ახსოვთ, თურმე !!!!), რომ რუსეთი არ ცნობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებებს, ორ წელიწადზე მეტია მას ჩამორთმეული აქვს ხმის უფლება სტრასბურგის ასამბლეაში და საერთოდ, უდიდეს კონფლიქტშია ამ ორგანიზაციასთან. რუსეთი საერთოდ არ იღებს სამოქმედოდ სტრასბურგის ასამბლეის რეზოლუციებს, არ აღასრულებს მათ და აქედან გამომდინარე, რა გასაკვირია, თუ იგი ამ ორგანიზაციის რეზოლუციებს სათავისოდ არ გამოიყენებს.
და მეორე:
არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ამ შემთხვევაში, იყენებს თუ არ იყენებს რუსეთი სალომეს ციტატას "სათავისოდ". ჰააგისთვის, სადაც მხოლოდ ციტატებს კი არ სჯერდებიან და დარწმუნებული ვარ სალომეს წიგნი თავიდან ბოლომდე აქვთ წაკითხული, ეს ციტატა რუსეთის გასამართლებელ მცირე არგუმენტადაც კი ვერანაირად ვერ გამოდგება, რადგანაც, ისევე, როგორც ყველამ, მათ შორის სალომე ზურაბიშვილმაც, სტრასბურგმაც და ჰააგამაც ამის გარეშეც ზუსტად იციან, რომ ომი იყო პროვოცირებული რუსეთის მხრიდან, რომ რეალურად ომი რასაც ქვია, დაიწყო მაშინ, როდესაც რუსეთის რეგულარულმა ნაწილებმა გადმოლახეს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები, ანუ შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე გვირაბის გავლით. ამის შემდეგ კი დაბომბეს გორი და საქართველოს სხვა ტერიტორიები, მოკლეს და გადაწვეს მოსახლეობა და შედეგად მოახდინეს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია, რაც დღემდე გრძელდება.
ასე რომ, მორჩით თვალთმაქცობას.
ჯერ კიდევ ლუკას სახარებაში წერია.
„თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, თუ როგორ უნდა ამოუღო შენს ძმას თვალიდან წველი“, - წერს დეპუტატი.