„ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციური ჯგუფის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ბათუმში საზაფხულო თეატრში ამომრჩევლებს შეხვდა. შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლაში, ვაშაძემ "ევროპული საქართველოს" ლიდერების მიერ "ნაციონალური მოძრაობის" შესახებ დღეს გაკეთებულ განცხადებებს უპასუხა და ყოფილ თანაგუნდელებს "ვაი ოპოზიცია" უწოდა.
"ამ წუთებში, ვაი ოპოზიცია და ვითომ ოპოზიცია იძახის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" რევანშისთვის მოდის და არ მისცეთ ამის საშუალებაო. გვარებს არ დავასახელებ და თქვენ იცით, ისინი არიან დემოკრატები და ზალიკო უდუმაშვილი რევანშისთვის მოდის? გაგიგიათ ასეთი უტიფარი თავხედობა? მაგრამ, წყალწაღებული ბიძინას ეჭიდებოდაო, ეგრეა მაგათი საქმე", - თქვა გრიგოლ ვაშაძემ.
დღეს ამომრჩევლებს "ევროპული საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძეც შეხვდა. სიტყვით გამოსვლისას, ბაქრაძემ თქვა, რომ ხელისუფლება ოპოზიციის ნაწილს, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობას იყენებს და ხალხს ეუბნება, რომ არ აქვთ კარგი არჩევანი.
"ხელისუფლება იყენებს ოპოზიციის ნაწილს, მათ შორის იმ ნაწილს, სადაც წლების განმავლობაში ჩვენც ვიყავით, საუბარი მაქვს „ნაციონალურ მოძრაობაზე". წარსულის შეცდომების არაღიარება, აგრესიული რიტორიკა, მკაფიო დაპირების არარსებობა, რომ მომავალში შურისძიება არ იქნება, არ იქნება რევანში და არეულობა - ეს ყველაფერი ეხმარება ხელისუფლებას, წარმოაჩინოს, რომ ქვეყანა დგას ორი ალტერნატივის წინაშე, ან იქნება სალომე ზურაბიშვილი და ჭაობი, ან იქნება „ნაციონალური მოძრაობა" და არეულობა და რევანში,"- თქვა დავით ბაქრაძემ.
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება.