ეკა ბესელია: „ფოთი სააკაშვილს გერივით ყავს“

ეკა ბესელია: „ფოთი სააკაშვილს გერივით ყავს“

 

 

 

ფოთის მაჟორიტარი კანდიდატი ეკა ბესელია დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ფოთის საქალაქო შტაბის წარმომადგენლებს შეხვდა და წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება ოფიციალურად გამოაცხადა. მისი საარჩევნო შტაბი მუშაობას სრული დატვირთვით რამდენიმე დღეში დაიწყებს. 

ბესელიას თქმით, მისი და მისი გუნდის სამოქმედო პროგრამაში აუცილებლად იქნება ჩადეებული ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური პოტენციალის გაზრდისა და ეფექტურად გამოყენების მექანიზმები.

„ფოთი სააკაშვილს გერივით ყავს და საერთოდ არანაირ ყურადღებას არ აქცევს. რაც აქ ხდება ეს ფოთს არ ეკადრება და ხელისუფლების ბრალია, რომ ასე უყურადღებოდაა მიტოვებული ქალაქი, რომელსაც უნიკალური პოტენცია და შესაძლებლობები აქვს. ის გამორჩეული ქალაქია და ჩვენ შეგვწევს უნარი ეს პერსპექტივა მას დავუბრუნოთ“, - განაცხადა ბესელიამ.

ეკა ბესელია, დარწმუნებულია, რომ ფოთის საარჩევნო ოლქში კოალიციისდმი განწყობის გათვალისწინებით, გამარჯვება გარანტირებულია.

ფოთში ჩამოსვლამდე ბესელიამ, თავის ფეისბუკის გვერდზე ფოთთან დამოკიდებულებაზე ასეთი რამ დაწერა: „მე ფოთთან ბევრი რამ მაკავშირებს, ძალიან ბევრი... ჩემი დიდი ბაბუა- გიორგი ფილია და მისი შთამომავლები... განსაკუთრებით მეიმედებიან ფოთელები ქვეყნისთვის ამ გადამწყვეტ ეტაპზე. მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ ფოთის მოსახლეობისთვის ქვეყნის უკეთესი მომავალია... მჯერა, რომ ყველა სიძნელეს და წინააღმდეგობას დავძლევთ... ამ ბრძოლაში არათუ ზედმეტი არავინ არ არის, არამედ ყველა ძალიან საჭიროა, ყველა ღირებულია და ყველას თავისი აგური აქვს დასადები... ჩვენ ერთად უნდა ავიხდინოთ „ქართული ოცნება“, მე სიყვარულით ველოდები ფოთთან შეხვედრას...“

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, ფოთის მაჟორიტარი კანდიდატი 17 ივლისს, სამეგრელოს სხვა კანდიდატებს შორის დაასახელა.