„რა უნდა ვჭამოთ, არ ვიცი... ბავშვები როგორ გადავარჩინო“ – სტიქიის მეორე დღე ვაჩნაძეანში(VIDEO)

„რა უნდა ვჭამოთ, არ ვიცი... ბავშვები როგორ გადავარჩინო“ – სტიქიის მეორე დღე ვაჩნაძეანში(VIDEO)

„ბავშვები კინაღამ დაიხოცნენ... ყველაფერი გაგვინადგურდა, რა უნდა ვჭამოთ, არ ვიცი. თხილებს ვკრეფავ, ნაგავში ვურევ ხელებს, რომ გავყიდო... აბა, ბავშვები როგორ გადავარჩინო. ბრეზენტის საყიდელი ფულიც არა მაქვს, რომ სახლს გადავაფარო, ვერც ფული ვიშოვეთ, ვერც ბრეზენტი,“ – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სტიქიით დაზარალებულმა, სოფელ ვაჩნაძეანში მცხოვრებმა ოლია მოსემღვდლიშვილმა.

სტიქიის შედეგად კასრელიშვილების სახლში სახურავიდან ოთხი დიდი ქვა ჩავარდა. ქვებმა საწოლი ჩაამტვრია. „ქვებმა ჩამოგლიჯა სახურავი და ნიაღვარი შემოვიდა, წყალში ლივლივებდა სულ. კიდევ კარგი, რომ ბავშვი არ იწვა, თორემ გაიჭყლიტებოდა. არავის არაფერი მოუცია, კაცი ორჯერ გავიდა, ვინც ყოჩაღები არიან ალბათ ისინი დაიტაცებენ ბრეზენტს,“ – აღნშნა ამავე სოფელში მცხოვრებმა ლამარა კასრელიშვილმა.

„საფულე მქონდა, ფულს ვინახავდი, ვერ ვიპოვე სად არის წასული, რა უნდა ვჭამო? მაღაზიაში უნდა მივსულიყავი, იქნებ მომცენ რამე ნისიად. ფქვილი მქონდა, მაგრამ წყლით აივსო. ბრეზენტებიც არ მოუციათ, ქვემოთ ხალხი ილოდება. მეზობელმა მომცა რაღაც ბრეზენტი, გადააფარე, ერთი ოთახი მაინც იყოს მშრალიო. რაღაც „ბოჭკა“ მოდიოდა ჰაერში, რომ დაეჯახა კარებს, ჩემი კარები ვერ გაგლიჯა, მეზობლის რკინის კარები გაგლიჯა. სადაც წყალი არ ჩამოვიდა, კრაოტი დავიდგი და მეზობლის ლოგინი დავიგე, ჩემი ისეთი ჭონჭოხია, ვერ დაწვები,“ – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ვაჩნაძიანის მაცხოვრებელმა ციური ოღლიშვილმა.

„ერთი კუთხე არ იყო მშრალი, რომ შევფარებულიყავი, ცელოფნები ვიყიდეთ და ისინი გადავაფარეთ, არაფერი არ მოუტანიათ,“ – აღნიშნა ელიკო დანელიშვილმა.

„სახლიც გაფუჭდა, ბაღებიც, ვენახიც. ჩემმა სახურავმა იფრინა, იფრინა და მეზობლის სახლს დაეჯახა. არც კარია, არც ფანჯარა და არც არაფერი, წუხელ მეგობართან გვეძინა. ეხლა „ნიუ ენერჯი“ მოვიდა და გვეხმარებიან, სახურავს აკეთებენ,“ – აღნიშნა დავით არუსტაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 19 ივლისს, ძლიერი ქარის და სეტყვის შედეგად კახეთში ყველაზე მეტად სოფელი ვაჩნაძეანი დაზარალდა. მოსავალი 100%–ით არის განადგურებული.