თელავის მაჟორიტარმა სტიქიით დაზარალებულებს არ მოუსმინა (video)

თელავის მაჟორიტარმა სტიქიით დაზარალებულებს არ მოუსმინა (video)

პრემიერ მინისტრის დავალებით, რომელი კახეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის ხელმძღვანელია, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში იმყოფებოდნენ. სტიქიით დაზარალებულებმა მინისტრებს უხარისხოდ გაკეთებული ჯებირების გამო უსაყვედურეს.

„ჯებირი იყო გაკეთებული, ქვებით იყო აშენებული, წყალდიდობა რომ მოვიდა, ჯებირისგან არაფერიც არ დარჩა, არ იყო გაკეთებული ნორმალურად, კარგად რომ ყოფილიყო გაკეთებული, არ წაიღებდა. იმდენი ფული დაიხარჯა და სადაა ჯებირი“, – აღნიშნეს ყარაჯალას მაცხოვრებლებმა.

გოგა ხაჩიძე: იქით არის ეტყობა.

– სად არის აბა, ნახეთ. ქვები იყო ჩაყრილი, არაფერიც არ იყო, არადა ორჯერ გააკეთეს უკვე. სააკაშვილმა რომ ნახოს ის ჯებირი, სუყველას დაიჭერენ.

გოგა ხაჩიძე: კაცო, ამხელა წყალი იყო და წაიღო.

– საძირკველი არა ჰქონდა და წაიღო, მაშ რა იქნებოდა. ჯერ საშველი კიდეა, 1 საათის შემდეგ წყალი ისევ რომ ადიდდეს ნახევარი უბანი წავა, ეხლავე უნდა გაკეთდეს რომ კიდევ არ განმეორდეს ეს ამბავი.

გოგა ხაჩიძე: წყალი ისეა, რომ ეხლა ვერაფერს ვერ გააკეთებენ, როგორც კი შესაძლებლობა გაჩნდება იმწუთში გააკეთებენ.

სტიქიით დაზარალებულებმა დამცავი ჯებირის უხარისხოდ გაკეთების გამო თელავის მაჟორიტარ დეპუტატს ვასილ დავითაშვილსაც უსაყვედურეს, თუმცა დავითაშვილმა ყარაჯლის მაცხოვრებლების პრობლემები ბოლომდე არ მოისმინა.

„სახლი ჩვენ აღარა გვაქვს და არაფერი, შეჭამეს ის ფული. სასაფლაო წავიდა მთელი ცოცხალი და მკვდარი წავიდა“, – აღნიშნეს ადგილობრივებმა.

ვასილ დავითაშვილი: მე ვაგებ პასუხს მაგაზე...

– უნდა აგოთ

ვასილ დავითაშვილი: ჭაბურღილი რისთვის გაკეთდა, იმ სოფლის პროგრამით თქვენ რაც აირჩიეთ, ის გაკეთდა.

– სოფელმა მოითხოვა, მაგრამ სოფელში წყალი არ შემოდის, 25 ოჯახს ამ უბანში წყალი არა აქვს საერთოდ.

ვასილ დავითაშვილმა მოსახლეობის საყვედურებს ბოლომდე არ მოუსმინა და სოფელი დატოვა.