ადგილობრივების პროტესტის შედეგად „პანკისობა 2018“ ჩაიშალა - რა ვითარებაა ხეობაში

ადგილობრივების პროტესტის შედეგად „პანკისობა 2018“ ჩაიშალა - რა ვითარებაა ხეობაში

პანკისის ხეობაში 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახისა და ახლობლების პროტესტის შედეგად, პანკისის ხეობის სოფელ დუისში, ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ღონისძიება „პანკისობა 2018“ ჩაიშალა.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი აცხადებდა, რომ ვიდრე 19 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე სიმართლე არ არის დადგენილი და მკვლელი დასჯილი , ისინი ხეობაში საზეიმო ღონისძიების „პანკისობა 2018“-ის ჩატარების საშუალებას არ მისცემდნენ. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავთა დიდი რაოდენობა.

ცოტა ხნის წინ ადგილზე ინციდენტიც მოხდა, მამაკაცი რომელიც ერთ-ერთი ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო , რომელიც „პანკისობა 2018“-ში იღებდა მონაწილეობას, ღონისძიების ჩატარების ადგილზე შესვლას მსუბუქი ავტომობილით შეეცადა და იმ ბავშვებს შეეჯახა, რომლებსაც შესასვლელი ცოცხალი ჯაჭვით ჰქონდათ გადაკეტილი. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ბავშვი მსუბუქად დაშავდა. შეუძლოდ გახდა ქალიც, რომელიც ამ ინციდენტს შეესწრო. ადგილობრივები მძღოლის მანქანიდან გადმოყვანას შეეცადნენ, რა დროსაც საქმეში პოლიცია ჩაერია და მძღოლი დააკავეს, ის გამოკითხვაზეა გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.