საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ოპოზიციის მიერ მისი ხელმოწერის შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. ის ოპოზიციის ქმედებას უმსგავსობას და უპასუხისმგებლობას უწოდებს. ამის შესახებ მან აშშ-ში, „ქრონიკის“ ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
„ზოგიერთი ოპოზიციური ძალა აგრძელებს იმ უმსგავსობას, რასაც ჩადიოდა მაშინ, როცა ხელისუფლებაში იყო. ეს არის სრული უმსგავსობა და უპასუხისმგებლობა. სიტყვებიც კი არ მყოფნის რომ ამას შესაბამისი სახელი დავარქვა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მხარდამჭერთა სიის შესაძლო გაყალბების ფაქტზე პროკურატურაში უახლოეს მომავალში ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებს გამომძიებელთა კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლითაა აღძრული და უწყებაში ამბობენ, რომ ჩატარდება სრულყოფილი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
„ქრონიკის“ ხელში ექსკლუზიურად აღმოჩნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ პრემიერ მამუკა ბახტაძის გაყალბებული ხელმოწერა გაერთიანებული ოპოზიციის მთავარი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერთა სიებშიც ფიქსირდება.
პრემიერის გვარი ფიგურირებს ამ ერთობის მიერ წარდგენილი კიდევ ორი კანდიდატის მხარდამჭერთა სიებშიც, ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ცესკოსთვის მხარდამჭერთა სიების შეგროვებასა და დამუშავებაში ლიდერებს მონაწილეობა არ მიუღიათ. ამ სიებში ქრონიკამ გარდაცვლილებიც იპოვა და ისეთებიც, ვისაც დოკუმენტზე ხელი, უბრალოდ, არ მოუწერია.