გრიგალის და ძლიერი სეტყვის შედეგად თელავის, გურჯაანის, ლაგოდეხის, ყვარლის და ახმეტის რაიონებში რამდენიმე ათასი ოჯახი დაზარალდა. ქარიშხალმა 200–მდე სახლს მთლიანად, ათასზე მეტს კი სახურავი ნაწილობრივ გადახადა. სტიქიის შედეგად საავადმყოფოებს 22–მა დაშავებულმა ადამიანმა მიაკითხა, მათგან 75 წლის ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ექიმებმა მას ჰემორაგიული ინსულტის დიაგნოზი დაუსვეს. ის უგონო მდგომარეობაშია.
დაშავებული კატასტროფის მედიცინის ცენტრის მანქანით თბილისში, ნეიროქირურგიულ კლინიკაში გადაიყვანეს. დაზარალებულის ოჯახის წევრები იხსენებენ, რომ ქარიშხალი როცა ამოვარდა, ძლიერი ხმა ჰქონდა, ასაკოვანი ქალბატონი ავად გახდა და გონება დაკარგა.
22 დაშავებულიდან ერთ–ერთს ოპერაცია დასჭირდა. მას მინისგან ფეხის მყესი ჰქონდა გადაჭრილი. ექიმების თქმით, დანარჩენი პაციენტები ჭრილობების დამუშავების შემდეგ სახლებში მალევე გაწერეს.
სტიქიის შედეგად მოსავალი 30–მდე სოფელში განადგურდა. წინასწარი მონაცემებით, ვენახები, ხეხილის ბაღები და ბოსტნეული 11 600 ჰექტარზე დაისეტყვა. გურჯაანის სოფლებში ველისციხეში, ვაზისუბანში, შაშიანში, კალაურსა და ვაჩნაძეანში სეტყვამ მოსავლის 100% გაანადგურა. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი.
გრიგალმა თელავი – გურჯაანი – თბილისის გზის პირას მდგარი მრავალწლიანი ნაძვები და კაკლის ხეები ძირიანად დაგლიჯა. შუადღემდე გზები ჩახერგილი იყო. შიდა საუბნო გზების გაწმენდა ამ დრომდე არ დასრულებულა. დამტვრეულია მანქანები. დაწყვეტილია ელექტროენერგიის მავთულები, დამტვრეულია საყრდენი ბოძებიც. „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ინფორმაციით, 60 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. კომპანიის ცნობით, ტექნიკური სამსახური მუშაობს, თუმცა ზარალი იმდენად დიდია, რომ როდის აღუდგება დაზარალებულ სოფლებს და ქალაქებს ელექტროენერგიის მიწოდება, ჯერ უცნობია.
პრეზიდენტის ბრძანებით, რეგიონში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბი შეიქმნა, რომელსაც პრემიერ მინისტრი ვანო მერაბიშვილი უხელმძღვანელებს. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ლიკვიდაციისა და აღმოფხვრის პროცესში თავდაცვის სამინისტროც ჩაერთო. სამინისტროს ინფორმაციით, მობილიზებულია და თელავში გადაყვანილია 1300 რეზერვისტი და 30-ზე მეტი ერთეული ტექნიკა. სტიქიის ზონაში მუშაობს საინჟინრო ბატალიონიც.
თელავში საგანგებო თათბირის გამართვის შემდეგ, რომელსაც მთელი მინისტრთა კაბინეტი ესწრებოდა, პრეზიდენტმა სტიქიით დაზარალებული ადგილებიც დაათვალიერა და მოსახლეობას დაზიანებული საცხოვრებლების გარემონტებას და კომპენსაციების დარიგებას დაპირდა.
სააკაშვილმა ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის მიზნით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევა მოითხოვა: „მინდა, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოვიწვიოთ, ბიუჯეტში შევიტანოთ ცვლილებები და დავამატოთ ფული ხალხის დასახმარებლად, მათ შორის კომპენსაციების კუთხით. რაღაც ფული ახლა ჩვენ გვაქვს, ახლა საგანგებო სიტუაცია შეიქმნა, ნამდვილად ესეთი რაღაცა შეიძლება მოხდეს 100 წელიწადში ერთხელ და ამიტომ, ჩვენ შესაბამისი პასუხი უნდა გავცეთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.