„მთელი პოლიტიკური ელიტა ერთ ადამიანს მიპირისპირდებოდა

„მთელი პოლიტიკური ელიტა ერთ ადამიანს მიპირისპირდებოდა" - მარგველაშვილი კენჭს აღარ იყრის

გიორგი მარგველაშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს არ იყრის. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა.

„როგორც პრეზიდენტობის 5 წლის განმავლობაში და მანამდეც, ასევე მომავალში ჩემი სამსახური იქნება საქართველოს სამსახური. არ ყოფილა მომენტი, რომ მე ელიტის ან სხვა ჯგუფის სამსახურში ვყოფილიყავი, ეს იწყებოდა საქართველოს მოქალაქეებით და გრძელდებოდა საქართველოს მოქალაქეებით. ამ არჩევნებში მე მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებს, არამედ სხვანაირად, სხვა ფორმით გავაგრძელებ თქვენი ქვეყნის სამსახურს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა, ქართველ ხალხს, ოჯახს და მის გუნდს მადლობა გადაუხადა განვლილი 5 წლის მანძილზე თანადგომისთვის. მისივე თქმით, ძალიან ცოტა ქვეყანა მოიძებნება, სადაც მთელი პოლიტიკური ელიტა დაპირისპირებულია ერთ ადამიანთან და ყველა მანქანას იყენებს, რათა მისი დისკრედიტაცია მოახდინოს.

„მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს ოჯახს, რომელმაც ამ 5 წლის განმავლობაში ძალიან რთული პერიოდი გამოაიარა და არცერთხელ ამის გამო ჩემთვის არ შეუქმნია პრობლემა და დისკომფორტი. დღეს მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს გუნდს, რომელიც ამ იდეალებს ემსახურებოდა 5 წლის განმავლობაში, მაგრამ ყველაზე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს და ქართულ საზოგადოებას, იმიტომ, რომ გამორჩეული მხარდაჭერა მქონდა მე ამ პერიოდის განმავლობაში. დამიჯერეთ, ძალიან ცოტა ქვეყანა მოიძებნება, სადაც მთელი პოლიტიკური ელიტა დაპირისპირებულია ერთ ადამიანთან და ყველა მანქანას ხმარობს, რათა მისი დისკრედიტაცია მოახდინოს.

"ყველა მანქანას ხმარობს იმისთვის, რომ შეარყიოს მისი მმართველობა და ამ რთულ მომენტებში არამასმედიით, არა გამოჩენილი თუ გამოუჩენელი, აზრის შემქმნელი ადამიანებისგან, არამედ მაშინ, როცა მე გავივლიდი დუშეთის ქუჩაში, მაშინ, როცა მე გავივლიდი თბილისის ქუჩაში, მთავარი ბარომეტრი მქონდა ის, როგორ მხვდებოდა ხალხი და ამის განცდა მე მუდმივად მამყოფებდა იმის დარწმუნებულობაში, რომ მე სწორი გზით მივდივარ თქვენთან ერთად და ამ გზას მე თქვენთან ერთად გავაგრძელებ. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ქართულ საზოგადოებას, მე ვრჩები თქვენს სამსახურში, ისევე როგორც მანამდე ვიყავი" - განაცხადა მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 2013 წლის 27 ოქტომბერს აირჩიეს. მას საპრეზიდენტო ვადა ეწურება. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

ცესკო-ში პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის ბოლო ვადაა 8 სექტემბერია. ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიაში ამ დროისთი საარჩევნო სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ 36 პრეზიდენტობის კანდიდატია წარდგენილი.