მეგონა, რომ საგამოძიებო კომისიაზე უფრო მეტ კითხვას საქმის შინაარსთან და სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დამისვამდნენ

მეგონა, რომ საგამოძიებო კომისიაზე უფრო მეტ კითხვას საქმის შინაარსთან და სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დამისვამდნენ

უფრო მეტი მოლოდინი მქონდა და მეგონა, რომ უფრო მეტ კითხვას დამისვამდნენ საქმის შინაარსთან და სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოკითხვის შემდეგ განუცხადა. ირაკლი შოთაძემ საქმეზე არსებულ კითხვებს კიდევ ერთხელ უპასუხა და აღნიშნა, რომ საქმეზე მოპოვებული არც ერთი მტკიცებულება არ განადგურებულა. 

„არსებობდა სპეკულაციები, თითქოს ფარდული პოლიციელებმა განზრახ დაანგრიეს, დღესდღეობით დადგენილია, მათ შორის კომისიის მიერაც, რომ ფარდული არა პოლიციელების, არამედ თვითონ ადგილობრივი მოსახლეობის მიერაა დანგრეული, საკუთარი სურვილით. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით შემთხვევის ადგილი უნდა იყოს დაცული, იქამდე ვიდრე მისი დათვალიერება არ მოხდება. დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, დაფიქსირდა და პროცესუალურად მოხდა ადგილზე არსებული მტკიცებულებების დამაგრება და შესაბამისად შემდგომ, შინაგან საქმეთა სამინისტროს არანაირი ვალდებულება არ გააჩნდა ამ ფარდულის დაცვის. რაც შეეხება გაღუნულ დანას, შემიძლია გითხრათ, რომ ის გაღუნული არაა, არამედ აქვს მცირედი დეფორმაცია, რომელიც მიკროსკოპულადაა ხილვადი და ექსპერტიზებისთვისა თუ საგამოძიებო ექსპერიმენტებისთვის გამოყენებადია. შესაბამისად ეს მტკიცებულება არაა დაზიანებული და განადგურებული“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

რაც შეეხება კონფლიქტის მონაწილე ერთი პირის, მიხეილ კალანდიას პასუხისმგებლობას, ყოფილი მთავარი პროკურორის ინფორმაციით, ის მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით არავითარ ინფორმაციას არ ფლობს. 

„მ.კ.-სთან მიმართებაში რა იკვეთება ვერ გეტყვით, რადგან აღარ ვარ მთავარი პროკურორი და რა ხდება დღეის მდგომარეობით გამოძიებაში, ჩემთვის უცნობია. იმ პერიოდისთვის, როცა მე მთავარი პროკურორი ვიყავი, მ.კ.-ს რა დანაშაულიც დაუდგინდა, კონკრეტულად დანაშაულის დაფარვა, ამ ფაქტზე ის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა“, - განმარტა ირაკლი შოთაძემ.