ყვავები გედს ბოლო სიმღერის უფლებას არ აძლევენ, - ასე ეხმაურება ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცესზე პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადებას და მასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების“ წევრების კრიტიკას.
როგორც გოცირიძემ “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პრეზიდენტის ინიციატივა, რომ ფართო საზოგადოების მონაწილეობით შეირჩეს ქვეყნის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, არის კარგი.
“სახელისუფლებო უმრავლესობა ახმაურდა: პოლიტიკური მიზნები ამოძრავებსო. უნდათ გაწელონ პროცესი ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე, როდესაც პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენის უფლება აღარ ექნება. როგორც ჩანს, პრეზიდენტი აპირებს წასვლის წინ გედის სიმღერის შესრულებას და ნუ უფუჭებენ ყვავური ჩხავილით მელოდიას. თავის დროზე ნინო გვენეტაძის წარუმატებელი შერჩევა მის კისერზეა და ახლა ალბათ შეეცდება ამ შეცდომის გამოსწორებას. თუმცა ნურც ილუზიებს მივეცემით - ნებისმიერ კარგ კანდიდატს პარლამენტი ჩააგდებს და ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ სასამართლო სისტემას თავზე მორიგ მარიონეტს - კომპრომეტირებული იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს დაასვამს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა 2015 წელს 10-წლის ვადით დაიკავა, პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა. გვენეტაძემ თანამდებობიდან გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროება დაასახელა.
პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად კონსულტაციებს 6 აგვისტოდან დაიწყებს.