საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, რეალურად არსებობდა რისკი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი შესაძლო დამნაშავის ქვეყნიდან გასვლის.
მანვე საქმეში გამოვლენილ ახალ გარემოებებზე ისაუბრა.
„საქმის კურსში ვარ, რომ გამოვლენილია ახალი გარემოებები. ეს ახალი გარემოებები არის მიმართული სხვა ახალი ფიგურანტების შესაძლო გამოსავლენად. ეს ყველაფერი, რომ დეკემბერში ყოფილიყო გაკეთებული, იგივე შედეგი ვერ იქნებოდა დამდგარი. ყოველთვის ვამბობდით, რომ გამოძიებას აქვს რამდენიმე ეტაპი. პირველი ეტაპი არის 1 დეკემბრიდან 30-დეკემბრამდე. პირველი დაკავებიდან მეორე დაკავებამდე იყო ოთხი დღე და ყველას გახსოვთ როგორი ემოციური ფონი იყო. რეალურად არსებობდა რისკი ერთ-ერთი შესაძლო დამნაშავის ქვეყნიდან გასვლის. გამოძიებას ჰქონდა 29-30 დღე. ძირითადი ფიგურანტები იყენებდნენ დუმილის უფლებას და სასამართლოს ბოლო სხდომაზე ისაუბრეს გარკვეულ ჩვენებებზე. ამის შემდგომ, გამოყოფილი საქმის გამოძიება მიმდინარეობს აქტიურად, სწორედ ამიტომ გაგრძელდა დაკითხვები და იმ ინფორმაციის შეგროვება“, - განაცხადა გახარიამ.