პატივს ვცემ ნინო გვენეტაძის პრინციპულობას, არ მგონია, რომ მან თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება რაიმე ემოციურ ფონზე მიიღო, – ამის შესახებ დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ განაცხადა.
„მე არ მქონია ინფორმაცია, რას აპირებდა ნინო გვენეტაძე, სიმართლე გითხრათ ახლა გავიგე. ნინო გვენეტაძეს მე დიდი ხანია ვიცნობ და ჩვენ ერთი რაიონის მკვიდრნი ვართ. პატივს ვცემ მის პრინციპულობას, მის განსწავლულობასაც. არამგონია, რომ მან ეს გადაწყვეტილება რაიმე ემოციურ ფონზე მიიღო, თანაც ქალბატონ ნინოზე ზემოქმედების მოხდენა ძალიან რთული. თქვენ გახსოვთ, მას უკან არ დაუხევია, არ დაუთმია თავისი პრინციპები. ეტყობა რამდენიმე ისეთი საკითხი დაგროვდა, რის გამოც მიიჩნევს, რომ მისი ამ პოსტზე ყოფნა გაუმართლებელია”, – განაცხადა სიმონ ნოზაძემ.
კითხვაზე, რა გავლენას მოახდენს მისი წასვლა სასამართლოსა და იუსტიციის საბჭოზე, რადგან ბოლო პერიოდში ბევრი კრიტიკა ისმოდა, სიმონ ნოზაძე პასუხობს, რომ როდესაც ადამიანი მუშაობს, კრიტიკა ყოველთვის იქნება.
“კრიტიკა ყოველთვის იქნება, ამას უნდა შევეგუოთ, ამისთვის ვიბრძოდით და ეს ჩვენი დიდი მონაპოვარია. როგორ ზემოქმედებას მოახდენს ეს სამართლებრივ სივრცეზე, ბუნებრივია, მოახდენს, რადგან ვისაც აირჩევენ მასზე, მის პროფესიონალიზმზე, მის შინაგან მრწამსზე ბევრი იქნება დამოკიდებული”, – განაცხადა სიმონ ნოზაძემ.